თინათინ ბერძენიშვილი მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის ფორუმის სპიკერია
თინათინ ბერძენიშვილი მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის ფორუმის სპიკერია

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) ფორუმის სპიკერია.

თინათინ ბერძენიშვილი ფორუმზე თემატური სესიის „მედია და ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთისთვის“ ფარგლებში წარდგა. აღნიშნულ სესიას, რომელიც მოიცავდა დისკუსიას, როგორ უნდა დაუჭირონ მხარი მარეგულირებლებმა საზოგადოებრივ მაუწყებლებს დამოუკიდებლობისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად, ხელმძღვანელობდა EPRA-ს ვიცე-პრეზიდენტი და, ამავდროულად, ნორვეგიის მედიასაშუალებების მართვის სააგენტოს გენერალური დირექტორი მარი ველსანდი.

სესია გახსნა ეუთო-ს მედიის თავისუფლების მიმართულების წარმომადგენელმა, დენიზ ვაგნერმა და ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლების გაძლიერებისთვის საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველი კონტენტის მნიშვნელობაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლების გამოწვევებზე საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა და ნორვეგიის სამაუწყებლო კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, ვიბეკე ფიურსტ ჰოგენმა ისაუბრეს. ფორუმზე თინათინ ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლების მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებსა და ინტელექტუალური საკუთრების ქონის უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის ფორუმის სპიკერი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროპის წამყვანი მედიასაშუალებები. საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპული ინსტიტუციაა და ჩვენ ყველას საერთო გამოწვევები გვაქვს, მათ გადასალახად კი ერთიანი ხედვა და გამოცდილების გაზიარება გვჭირდება. დღევანდელი სესია ამის კარგი მაგალითია“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

ფორუმს მასპინძლობს ნორვეგიის მედიასაშუალებების მართვის სააგენტო და აერთიანებს 52 წევრი მარეგულირებლის 160-მდე წევრს, მუდმივ დამკვირვებლებს, მედიაექსპერტებს, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის და ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებს. ისინი განიხილავენ ევროპაში აუდიოვიზუალური მედიის რეგულირების აქტუალურ საკითხებს, რაც მიზნად ისახავს საუკეთესო გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარებას, ასევე იმ სიახლეებზე მსჯელობას, რომელიც გავლენას ახდენს აუდიოვიზუალურ ეკოსისტემაზე.

EPRA დამოუკიდებელი ქსელია და მიდგომებსა და საქმიანობაში პოლიტიკურად მიუკერძოებელია. ღონისძიების ფარგლებში მის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, გაცვალონ ინფორმაცია და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს.

რიგით 57-ე შეხვედრაზე EPRA-ს წევრები ახალ აღმასრულებელ საბჭოსაც აირჩევენ. ფორუმი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 3 ივნისამდე გაგრძელდება.