თინათინ ბერძენიშვილი ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა
თინათინ ბერძენიშვილი ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილსა და ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

როგორც პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელებას, საქართველოსა და ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლების კიდევ უფრო დაახლოებას.

„საქართველოსა და ისრაელს ბევრი აქვთ საერთო, მათ შორის მედიაგარემოს კუთხით. ელჩთან ვისაუბრეთ, რა შეიძლება, გაკეთდეს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოების, ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დიგიტალური განვითარების მხრივ. ვისაუბრეთ, რას აპირებს პირველი არხი ამ მიმართულებით. საუბარი შეეხო საუკეთესო პრაქტიკასა და ძალიან საინტერესო პროექტებს. მოხარული ვარ, რომ შეხვედრა შედგა და ველოდებით ახალ თანამშრომლობას. საქართველოსა და ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლები არიან ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრები და ჩვენ ამაყი ვართ ჩვენს მეგობარ მაუწყებლებთან ურთიერთობით“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

თავის მხრივ, საქართველოში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ თინათინ ბერძენიშვილთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

„ძალიან ბევრი შევიტყვე საქართველოს პირველ არხზე ტელევიზიისა და რადიოს მუშაობის შესახებ. საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის უკვე არსებობს თანამშრომლობა და განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ასევე, ვისაუბრეთ, როგორც საელჩოს, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ერთობლივი საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და სხვა მიმართულებების პროექტებისთვის“, – აღნიშნა ელჩმა.