თინათინ ბერძენიშვილი - იმედი მაქვს, ის, რაც გუშინ მოხდა, არა მარტო აღარ განმეორდება, არამედ იქნება გამოძიებული და მაგალითი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება
თინათინ ბერძენიშვილი - იმედი მაქვს, ის, რაც გუშინ მოხდა, არა მარტო აღარ განმეორდება, არამედ იქნება გამოძიებული და მაგალითი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება

იმედი მაქვს, ის, რაც გუშინ მოხდა, არა მარტო აღარ განმეორდება, არამედ იქნება გამოძიებული და მაგალითი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემაში „დღის კოდი“ განაცხადა.

თინათინ ბერძენიშვილმა გუშინდელ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

„არ მინდა, დავიჯერო და არ მჯერა, რომ შეიძლება, მოძებნო ადამიანი, ვინც ძალადობას ამართლებს, არ მეგულება ასეთი ადამიანი, მით უფრო, არ მინდა მჯეროდეს, რომ ასეთი საზოგადოება ვართ, რადგან აბსოლუტურად საპირისპირო მაგალითებიც არსებობს. გუშინ ჩვენთვის ძალიან რთული დღე იყო. ეს არის ჩვენი პროფესიის ნაწილი. შეიძლება, ვინმეს ვიღაც არ მოსწონდეს, რომელიღაც მედიასაშუალებას აპროტესტებდეს, მაგრამ არ შეიძლება, რომელიღაც მედიასაშუალება გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ის ადამიანები ემსახურებიან საზოგადოების ინფორმირებას. რაც გუშინ ვნახეთ, ცალსახად, არაფერში წერია. ადამიანზე ძალადობის ფაქტის შემსწრე გავხდით, შემდეგ უკვე პროფესიაზე, როგორიცაა ჟურნალისტი. ჩვენ ვცდილობთ, ყველა მხარეს დავუთმოთ ეთერი, ყველა მხრივ გავაანალიზოთ ნებისმიერი საკითხი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რაზეც უნდა შევთანხმდეთ – აღარ არ უნდა განმეორდეს. შეთანხმებაში იგულისხმება ის, რომ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ იყოს. მანამდეც გვქონდა ფაქტები, როდესაც ჟურნალისტს სცემეს, კამერა დაგვიმტვრიეს, ოპერატორი დააზიანეს. ამ მოლოდინში ვართ, რომ რაღაც მოხდება. დრამატიზებას არ ვახდენ, არ მიყვარს გადაჭარბებულ ტონში საუბარი. უბრალოდ, უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული. სტანდარტებზე რომ ვსაუბრობთ, დიახ, სტანდარტებია, თუნდაც ის, რომ მედია იყოს აღჭურვილი, ეწეროს, რომ ეს მედიაა. გასაგებია, რომ მიკროფონს ლოგო აქვს, მაგრამ შეიძლება, ხალხს შეერიო, ასეთი მასობრივი არეულობის დროს განსაკუთრებულად დიდი როლი აქვს მედიას. ყველანაირად ვცდილობთ, სტანდარტი და წესი დავიცვათ. ჩვენს დაშავებულ ოპერატორს, ილიას ვესაუბრე, საკმაოდ რთული დაზიანება აქვს, თვალზე პრობლემა; ასევე ჩვენი ჟურნალისტებიც ვნახეთ კადრში, რა მდგომარეობაში იყვნენ. არაფერს ვამეტებ. ეს არ ნიშნავს, რომ მედია საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს. არანაირად, ამის უფლებას საკუთარ თავს არ ვაძლევთ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ძალადობას გამართლება არ აქვს. 

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელისთვის, ძალადობას გამართლება არ აქვს. შეიძლება, გავიზიარო ის პოზიცია, რომ ეს იყოს დაგროვებული აგრესიის შედეგი, თუმცა ეს აგრესია არ მართლდება.

კარგად უნდა დავფიქრდეთ, სხვადასხვა ფორმით, დისკუსიით, დებატით, რას ვაკეთებთ, როგორი საზოგადოება გვინდა ვიყოთ. წითელი ხაზია, ნიშნულია, რომელსაც მივუახლოვდით და სიცოცხლისთვის საშიში გახდა ეს პროფესია. ჰკითხეთ ჩვენს ოპერატორებს, აინტერესებთ თუ არა რომელიღაც პოლიტიკური ნარატივი, საერთოდ არ აინტერესებთ. პირობითად, მხარე თუ არის და მე მხარედ არ განვიხილავ ჩვენს საზოგადოებას, რამენაირად უნდა შევძლოთ, ვიპოვოთ საერთო. განსხვავებულ აზრშიც აუცილებლად ვიპოვით საერთოს, ამას აუცილებლად შევძლებთ.

გუშინ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ, როგორი ტიპის გადაცემები გვექნება ეთერში, არჩევნები მოდის და ძალიან ვემზადებით ამ პროცესისთვის. არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ეთერი ვინმეს არ დავუთმოთ. იმის სითამამე გვყოფნის, რომ ეს ასე არ მოხდეს. ჩვენ ეთერს დავუთმობთ საზოგადოების ყველა წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, ყოველთვის გავემიჯნებით ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ ლექსიკას, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება.

ჩვენი მისია სხვა ტელეკომპანიებისგან განსხვავებულია. ჩვენ არა მარტო ტელევიზია, რადიო ან ონლაინმედია ვართ, არამედ ინსტიტუცია, რომელსაც აქვს გარკვეული ვალდებულებები საზოგადოების წინაშე. კონსტიტუცია იცავს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლებას. კონსტიტუციაში ძალიან კარგი ჩანაწერები გვაქვს, ამ ბოლო დღეებში ეს ხშირად ისმის, თუმცა რეალურად, ბერკეტი გვაქვს ის, რომ ჩვენი საქმე ყველამ კარგად ვაკეთოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთი საერთო მაინც მოვძებნოთ, მაგალითად ის, რომ გარეთ ძალიან ცხელა. შეიძლება, დრო არის, რომ ყველამ ერთად ვიმსჯელოთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სიტყვა ყოველთვის არის ნაფიქრი, გაზომილი, რადგან მაღალ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. შეიძლება, ჩვენც დავუშვათ შეცდომა, თუმცა ყოველთვის ვეცდებით, თუ საჭიროა, ბოდიში მოვიხადოთ და გამოვასწოროთ. ჩვენს ქვეყანას სხვა გამოწვევები, სხვა პრობლემები აქვს და ეს ენერგია, ძალა, იქით უნდა მივმართოთ. ის, რაც გუშინ მოხდა, იმედი მაქვს, არა მარტო აღარ განმეორდება, არამედ იქნება გამოძიებული, დასჯილი და მაგალითი იქნება, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.