თინათინ ბერძენიშვილი „დოიჩე ველეს“ მედიაფორუმსა და კონსტრუქციული ჟურნალისტიკის გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
თინათინ ბერძენიშვილი „დოიჩე ველეს“ მედიაფორუმსა და კონსტრუქციული ჟურნალისტიკის გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი 20-21 ივნისს გერმანიაში, ქალაქ ბონში „დოიჩე ველეს“ Global Media Forum-ის სადისკუსიო პანელში მიიღებს მონაწილეობას.

თინათინ ბერძენიშვილი მედიაფორუმის პანელზე: „ახალი ამბები – მეტი ვიდრე საზოგადოებრივი აზრის ბარომეტრი“, ისაუბრებს, რატომ არის კონსტრუქციული თხრობა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჟურნალისტიკისთვის, არამედ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან ერთად პანელში მონაწილეობას მიიღებენ დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტში არსებული კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი ულრიკ ჰააგერუპი, გამომცემლობა „გარდიანის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კორესპონდენტი და ვაშინგტონის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, კონსტრუქციული ინსტიტუტის წარმომადგენელი ევენ მაკესკილი, ბონის ინსტიტუტის ჟურნალისტი და ბორდის წევრი მელანი სტაინი.

Global Media Forum-ის შემდეგ, 22 ივნისს, ასევე ქალაქ ბონში თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობას მიიღებს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მეოთხე გლობალურ კონფერენციაზე, პანელში Listen Louder.

პანელზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პოლარიზაცია, როგორც მორიგი პანდემია; დემოკრატიის, მედიისა და პოლიტიკის მიმართ ნდობის შემცირების პირობებში ახალი ამბების გაშუქების თავიდან გააზრება.

ასევე დაისმება კითხვები, როგორ გავაშუქოთ ომი და კონფლიქტი კონსტრუქციულად, როგორ წარვმართოთ დიალოგი კონფლიქტის გაშუქებისას და სხვ.

თინათინ ბერძენიშვილთან ერთად პანელში მონაწილეობას მიიღებენ დანიის ტელევიზიის TV2 Fyen დირექტორი ესბენ სეერუპი,  The Times of London-ის აღმასრულებელი რედაქტორი ჯერემი გრიფინი და ნორვეგიის მაუწყებლობის კორპორაციის (NRK) დებატების რედაქტორი ენ კეტრინ ფორლი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, საქართველოს პირველი არხი ახალი ამბების გაშუქების ახალ და ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე დამკვიდრებულ სტანდარტს – კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას ნერგავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-მა ჟურნალისტმა უკვე გაიარა კურსი დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტში. გადამზადების პროცესი 2022 წლის სექტემბერში გაგრძელდება.