თინათინ ბერძენიშვილი - ჟურნალისტთა რეგიონულ აკადემიაში ტრენინგები ჩაუტარდებათ ჟურნალისტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან
თინათინ ბერძენიშვილი - ჟურნალისტთა რეგიონულ აკადემიაში ტრენინგები ჩაუტარდებათ ჟურნალისტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან

ჟურნალისტთა რეგიონულ აკადემიაში ტრენინგები ჩაუტარდებათ ჟურნალისტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონულ კონფერენცია-სემინარზე „ციფრული ტრანსფორმაცია“ განაცხადა.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირის მუშაობის შედეგად მივაღწიეთ, რომ ჟურნალისტების გადამზადებისთვის, საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის ჟურნალისტური ჰაბი, სივრცე იხსნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება მთავარი პარტნიორი. ეს სივრცე მოემსახურება დაახლოებით 50 ჟურნალისტს თითო ჯერზე, ხოლო საქართველოდან 15 ჟურნალისტს ექნება შესაძლებლობა, უფასოდ გადამზადდეს და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

თემატურად, სწავლება ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებული იქნება – დაწყებული მობილური ჟურნალისტიკის განვითარებით, დამთავრებული დარგობრივი ჟურნალისტიკით, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. ვიწყებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებით – რადიო, ტელევიზია და ონლაინ. პირველი 15 ჟურნალისტი არჩეული იქნება ჩვენგან. თემატურად შევარჩევთ ჟურნალისტებს იმ დარგში, სადაც ჩვენი პროფესიონალები მუშაობენ, შემდეგში კი უკვე სექტემბერში შევარჩევთ. შესაძლოა მოხდეს სტუდენტების არჩევაც და მათი ჩართულობაც. ხშირად ვსაუბრობთ დასავლურ გამოცდილებაზე, იმ პრაქტიკაზე, რომელიც გვინდა გადმოვიტანოთ, მაგალითად, ევროპელ მაუწყებელთა კავშირის პრაქტიკა, და ვპირდებით ყველას, ვინც გადაემზადება, რომ მათ საუკეთესო ლექტორები და პროფესიონალები მოამზადებენ. ექვსთვიანი ციკლებით, წელიწადში ორჯერ მოხდება ამ ყველაფრის ორგანიზება საქართველოში“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) თანამშრომლობითა და დაფინანსებით, საქართველოში მუდმივმოქმედი ჟურნალისტური, რეგიონული აკადემია იმუშავებს. აკადემიაში ტრენინგები უფასოდ ჩატარდება.