თინათინ ბერძენიშვილი - არსებული შენობის რეალიზაციით დავფარავთ ხარჯებს, რაც სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს პირველი არხის ახალ შენობას, არამედ ტექნოლოგიების გაუმჯობესებას
თინათინ ბერძენიშვილი - არსებული შენობის რეალიზაციით დავფარავთ ხარჯებს, რაც სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს პირველი არხის ახალ შენობას, არამედ ტექნოლოგიების გაუმჯობესებას

შეკითხვას, რატომ ახალი შენობა, თავად არსებული შენობა პასუხობს, – ასე უპასუხა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას – „რატომ ახალი შენობა?“.

„ჩვენ ამ შენობითვე შეგვეძლება ახალი შენობის ხარჯების დაფარვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე უფრო მცირე ფართობია, ვიდრე აქ, სადაც ახლა ვართ, ქალაქის ცენტრში და ამ შენობის რეალიზების შემდეგ დავფარავთ იმ ხარჯებს, რაც სჭირდება არა მხოლოდ შენობას, არამედ ტექნოლოგიების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ გაჩნდა შენობების ცენტრიდან გატანის და ახალი ტერიტორიების ათვისების ტენდენცია ევროპაში, სადაც ძალიან ბევრი მაუწყებელი აშენებს ახალ შენობას, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ თანამედროვე ეპოქაში მაუწყებლობა შეიცვალა, მედია ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ძველი კონცეფცია აღარ არის, ეს კი ახალ საჭიროებებს წარმოშობს. 

„შენობა მხოლოდ შენობა არ არის, ის შინაარსზეა მიბმული. ამ შენობაში გადანაწილება ისეთია, მაგალითად, არის გენერალური დირექტორის კაბინეტი, მაგრამ ჩვენ ხომ კაბინეტებში ასე არ ვსხედვარ?! რომ წარმოვიდგინოთ ნიუსრუმი, ნიუსრუმი ხომ აღარ არის?! ერთი გაერთიანებული სივრცეა, სადაც ჟურნალისტები ერთად მუშაობენ, ასეთი ტიპის შენობაში კი ფუნქციონირება შეუძლებელია. სწორედ ამ გამოწვევების წინაშე დგას ბევრი საზოგადოებრივი მაუწყებელი. მით უფრო, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უფრო ცენტრში აშენებული შენობების ვიზუალიზაციაც თითქოს, იგივეა, მაგრამ ყველა ცდილობს, იმავე კონცეპტზე დაჯდეს და გარეთ გავიდეს. მით უმეტეს, ახლა არ არის მაინცდამაინც იმის აუცილებლობა, ძალიან დიდი შენობა ქალაქის ცენტრში იყოს აშენებული“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

თინათინ ბერძენიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხი მაყურებელს კიდევ რამდენიმე გრანდიოზულ პროექტს შესთავაზებს, როგორც შემეცნებითს, ისე გასართობს.

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი დღეს გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი