თინათინ ბერძენიშვილი - ამაყი ვარ, რომ ფილმის „გიორგი ანწუხელიძე“ პრემიერა საქართველოს პირველ არხზე შედგა, უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი გმირები
თინათინ ბერძენიშვილი - ამაყი ვარ, რომ ფილმის „გიორგი ანწუხელიძე“ პრემიერა საქართველოს პირველ არხზე შედგა, უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი გმირები

ამაყი ვარ, რომ ფილმის, „გიორგი ანწუხელიძე“ პრემიერა საქართველოს პირველ არხზე შედგა. უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი გმირები, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აგვისტოს ომის გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე გადაღებული ფილმის პრემიერის შემდეგ განაცხადა.

„ვფიქრობ, ფილმის მნიშვნელობა თავად ფილმია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები და მეტიც – უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი გმირები. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ფილმის პრემიერა შედგა საქართველოს პირველ არხზე. ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენ შევძელით, რაღაც ფორმით მაინც უკვდავგვეყო გიორგი ანწუხელიძის სახელი და გვარი, და ის ემოცია, რომელიც სუფევდა აქ, მიკროჩვენებაზე. ვფიქრობ, ფილმი ამბობს ყველაფერს, რისი თქმაც უნდოდა თავად რეჟისორს, შემოქმედებით ჯგუფს და ყველა ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ ფილმის შექმნაში“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

დოკუმენტური ფილმის, „გიორგი ანწუხელიძე“ პრემიერა საქართველოს პირველი არხის ეთერში გაიმართა. ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ეროვნული გმირის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალ გიორგი ანწუხელიძის ცხოვრებაზე.

ფიზიკურად ძლიერი და სულიერად უტეხი ჯარისკაცი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამებით მოკლეს, მისი წამების ვიდეოკადრები კი, ინტერნეტით გაავრცელეს.

ფილმში მონაწილეობენ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები და მეგობრები. ფილმში შესულია უნიკალური, ექსკლუზიური საარქივო კადრები, რომელზეც ეროვნული გმირი მის სიცოცხლეშია გადაღებული.