თინათინ ბერძენიშვილი - 5 ივლისი იყო ძალადობის დღე, ნამდვილად ტრაგიკული დღე მთელი საზოგადოებისთვის, ამაზე თუ არ შევთანხმდებით, ყველაფერ დანარჩენზე საუბარი გაგვიჭირდება, როგორც საზოგადოებას

უნდა შევთანხმდეთ, რომ 5 ივლისი იყო ძალადობის დღე, ნამდვილად ტრაგიკული დღე მთელი საზოგადოებისთვის. მგონია, ყველა უნდა იყოს სოლიდარული და ამაზე თუ არ შევთანხმდებით, ყველაფერ დანარჩენზე ძალიან გაგვიჭირდება საუბარი, როგორც საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„დღეს არის ძალიან რთული დღე, ძალიან რთული კვირა იყო მთელი ქვეყნისთვის. არ მიყვარს ხოლმე მთელი საზოგადოების სახელით საუბარი, არ მგონია სწორი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოვადგენ. თუმცა, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ 5 ივლისი იყო ძალადობის დღე, ნამდვილად ტრაგიკული დღე მთელი საზოგადოებისთვის. ამ შემთხვევაში, მგონია, ყველა უნდა იყოს სოლიდარული და ამაზე თუ არ შევთანხმდებით, ყველაფერ დანარჩენზე ძალიან გაგვიჭირდება საუბარი, როგორც საზოგადოებას“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა. 

მისივე თქმით, ძალადობა არა მხოლოდ სიტყვიერად არის დასაგმობი, არამედ მას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგები, რომლის უკან რეალური პასუხისმგებლობა იდგება.

„ის, რომ ძალადობა არა მხოლოდ სიტყვიერად არის დასაგმობი, არამედ შემდეგ უნდა მოჰყვეს ამას შედეგები, ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა ფორმატით, რა უნდა იყოს ამის გაგრძელება, რა უნდა იყოს ამის პასუხისმგებლობაში მიცემა და ისეთი პასუხისმგებლობა, რომელიც არ არის ფარატინა, რომლის უკან რეალური პასუხისმგებლობა დგას. რამდენიც უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებაში განსხვავებული აზრი არსებობს, მგონია, რომ ძალადობაზე, ცემაზე, გალახვასა და სიკვდილზე, ყველა უნდა შევთანხმდეთ და თუ არ ვთანხმდებით, რაღაც გადაკვეთის წერტილი აქ მაინც უნდა ვიპოვოთ. არ მგონია, ყოველ შემთხვევაში, მინდა მჯეროდეს, რომ არ შეიძლება მოიძებნოს ადამიანი, ვისაც მოსწონს ძალადობა, დაპატიმრება, ხელის გადაგრეხვა და ძალადობის ნებისმიერი ფორმა. ეს არის კონტექსტი ერთი მხრივ, თუმცა ჩვენ იმაზეც ვსაუბრობთ, აქვს თუ არა ამას რაღაც​ პრეისტორიები და შემდეგ როგორია ამ ყველაფრის გაგრძელება.

ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით, ხშირად ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენზე მოთხოვნაც ეს არის, სად არის ჩვენი როლი და ფუნქცია. სახელმწიფოს როლს და ფუნქციას ჩვენ ვერ ვიკისრებთ, არ მგონია, რომ ამის მოლოდინი ფუჭად უნდა გავაჩინოთ, თუმცა გარკვეულწილად, პასუხისმგებლობა, რომელსაც სხვებს ვთხოვთ, მაგალითად, რესპონდენტებს ვთხოვთ, ვუსვამთ ხოლმე ხშირად კითხვას, სად არის პასუხისმგებლობა, ჩვენც, საკუთარ თავზე ალბათ ბევრი უნდა ვისაუბროთ. ამისთვის ვართ შეკრებილი, რომ კონკრეტულ თემებზე ვისაუბროთ, რას ვაპირებთ ხვალ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

დატოვე კომენტარი