თინა ხიდაშელი - პუტინის განცხადების შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჰელსინკის შეხვედრაზე ტრამპი იყო საქართველოსა და უკრაინის ლობისტი
თინა ხიდაშელი - პუტინის განცხადების შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჰელსინკის შეხვედრაზე ტრამპი იყო საქართველოსა და უკრაინის ლობისტი

ათი წლის განმავლობაში ნატო-ს სამიტებზე გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ დიდი სპილო ოთახში არ არის, მაგრამ ყველა ხედავს,- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, პუტინმა მუქარები დაიწყო დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციაზე და დღემდე აგრძელებს.

„პუტინის განცხადებაში სიახლე არაფერია. მთავარი, ჩემი აზრით, რაც მისი განცხადებიდან შეგვიძლია წავიკითხოთ, ალბათ ის არის, რომ განცხადება პუტინს შემთხვევით არ გაუკეთებია ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ. ჩემთვის პირადად კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე დააყენა საკითხი პრეზიდენტმა ტრამპმა. პუტინის განცხადებაში დავინახე ეს შესაძლებლობა, დავინახე პუტინის მიერ საჯაროდ ნათქვამი უარი ტრამპის სავარაუდო შეთავაზებაზე, მოთხოვნაზე, თუ პირდაპირ დაყენებულ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ მან თქვა, ამ თემაზე არ გვისაუბრიაო. ამ მომენტისთვის ყველაზე პოზიტიური, რაც ჰელსინკის შეხვედრიდან დავინახე, სწორედ ეს არის – პრეზიდენტი ტრამპი, ყველა სხვა საკითხთან ერთად, იყო უკრაინისა და საქართველოს ლობოსტი ამ შეხვედრაზე“,- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ჰელსინკიში გუშინ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.