თინა ცომაია - ონლაინწიგნიერება მომავლის სტუდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია
თინა ცომაია - ონლაინწიგნიერება მომავლის სტუდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია

მომავლის სტუდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ონლაინწიგნიერება, ამისთვის დიდი ხანია, ინტელექტუალურად ვემზადებოდით და თავს წარმატებით გავართმევთ, – ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორმა, თინა ცომაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე საგანმანათლებლო დაწესებულებათა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებული პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს.

გადაცემაში აღინიშნა, რომ საქართველოს განათლების მინისტრი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების დანერგვის რეკომენდაცია მისცა. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ონლაინსწავლებაზე უკვე დღეიდან გადავიდა.

თინა ცომაიას განმარტებით, ონლაინსწვალების ფორმატი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის სიახლე არ არის. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი წლებია, საერთაშორისო სტუდენტებს იღებს და საერთაშორისო პროექტებშია ჩართული, რაც თავისთავად დისტანციური სწავლების მეთოდების დანერგვასაც მოითხოვდა. არსებულ გამოცდილებას ინსტიტუტმა ახალი ლიცენზირებული პლატფორმა „ზუმი“ დაამატა, რომელიც უკვე საკლასო სწავლების ონლაინრეჟიმში გადატანის საშუალებას იძლევა.

„ლიცენზირებული პლატფორმა „ზუმი“ შევიძინეთ, რაც მოკვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენს პედაგოგებს შორის საუკეთესო პლატფორმად ითვლებოდა. ეს არის ლიცენზირებული პროგრამა, რომელშიც ყველა ჩართულია. პროგრამის კოორდინატორი ონლაინ აკავშირებს სტუდენტებსა და მასწავლებლებს დისტანციურ ერთ საკლასო ოთახში და იქ ხდება სასწავლო პროცესის გადატანა. რასაკვირველია, პედაგოგს მოუწევს, რომ ადაპტაცია გაიაროს, შესაბამისი დავალებები მოიფიქროს, ლექციები ჩაწეროს, რომ ამ პლატფორმას მიუსადაგოს, მაგრამ არსი არ იცვლება. ეს არის ცოდნა, რომელიც ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ გადავცეთ ეფექტურად ამ პლატფორმის ტექნოლოგიის საშუალებით. ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი კომპიუტერიდან მოვახერხოთ პრეზენტაციის გაზიარება, რომ რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ჩაერთოს და დისკუსია თუ ფორუმი მოაწყოს, რომ ინტერაქტიული იყოს“, – განაცხადა ცომაიამ.

მისი მოსაზრებით, მართალია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მოცემულ ეტაპზე კრიზისმა გამოიწვია, მაგრამ სწორედ ეს არის მომავალი სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი.

„ამ სასწრაფო რეფორმების გატარება მართალია კრიზისმა გამოიწვია, მაგრამ რეალურად ვიცით, რომ მომავალი სტუდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის სწორედ ონლაინწიგნიერება. ამისთვის ინტელექტუალურად დიდი ხანი ვემზადებოდით და ვფიქრობთ, რომ ამას წარმატებით გავართმევთ თავს“, – განუცხადა თინა ცომაიამ „ბიზნესპარტნიორს“.