თინა ბოკუჩავას პასუხი ოხანაშვილის კითხვაზე, რამდენად მართალია, რომ „ნაცმოძრაობას“ არ ანდობენ კომისიის თავმჯდომარეობას - მიზანშეწონილია, უხელმძღვანელოს დეპუტატმა, ვისაც არ აქვს პარტიული კუთვნილება
თინა ბოკუჩავას პასუხი ოხანაშვილის კითხვაზე, რამდენად მართალია, რომ „ნაცმოძრაობას“ არ ანდობენ კომისიის თავმჯდომარეობას - მიზანშეწონილია, უხელმძღვანელოს დეპუტატმა, ვისაც არ აქვს პარტიული კუთვნილება

მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელოს დეპუტატმა, რომელსაც არ აქვს პარტიული კუთვნილება, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ანდობენ კომისიის თავმჯდომარეობას.

ოხანაშვილი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეს ინფორმაცია და თუ ასეა, რა არის ამის მიზეზი.

თინა ბოკუჩავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის დამოუკიდებელი მუშაობა და ის, რომ არ არსებობდეს რაიმე სპეკულაციის შანსიც კი.

„ბუნებრივია, ჩვენ სრული შემადგენლობით მხარს ვუჭერთ აღნიშნულ კომისიას. ვუპასუხებთ ანრი ოხანაშვილს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნება, დეპუტატმა, რომელსაც არ გააჩნია პარტიული კუთვნილება, სწორედ ასეთმა ადამიანმა უხელმძღვანელოს ამ კომისიას. მიგვაჩნია, რომ კომისიის დამოუკიდებელი მუშაობა და აღმოფხვრა იმისა, რომ არსებობდეს რაიმე სპეკულაციის შანსიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებაში ჰქონდეს მაქსიმალურად ფართო სანდოობა. ვისურვებდი, თქვენც გესმოდეთ აღნიშნული საკითხი და ასე ხედავდეთ ამ კომისიის მნიშვნელობას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.