თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას მიმართა - არ შეგრჩებათ ქართველი ხალხის წინაშე ერთი წლის წინ ჩადენილი დანაშაული
თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას მიმართა - არ შეგრჩებათ ქართველი ხალხის წინაშე ერთი წლის წინ ჩადენილი დანაშაული

როგორც ჩანს, ძალიან მოკლე მეხსიერება გაქვთ და არ გინდათ აღიაროთ თქვენი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ის მოპარული მილიონები არ შერჩებათ თქვენ მინისტრებს, ისე არ შეგრჩებათ თქვენ, ბატონო გახარია ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.

როგორც თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს, გიორგი გახარიას კონკრეტული დანაშაული მიუძღვის ქართველი ხალხის წინაშე.

„არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ სამსახურიდან გათავისუფლდა ბაჩანა შენგელია. ის ითხოვს სიმართლეს საკუთარი დედის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს თქვენც იყავით ჩართული ბატონო გახარია, როდესაც ამ ადამიანმა უარი თქვა სამარცხვინო კამპანიაში ჩართულიყო, იმ ადამიანისა, რომელსაც დღეს პრეზიდენტს ეძახით და რომელსაც ეს სკამი ბიძინა ივანიშვილმა უყიდა. ეს თქვენი დავალებით მოხდა თუ თეა წულუკიანმა თვითნებობით განახორციელა ეს აქტი, როდესაც ის გაათავისუფლა სამსახურიდან. ასევე მაინტერესებს, თუ არის თქვენთვის ცნობილი, რომ დღეს მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ოფისის დარბევა გორში. ასე დაიწყეთ საარჩევნო კამპანია? ღარიბაშვილისგან ისწავლეთ ამგვარი დარბევები? ასე აპირებთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას? როგორც ჩანს, სურვილი გაქვთ, ღარიბაშვილთან ერთად, ივანიშვილის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების სიაში პირადად თქვენც შეხვიდეთ. კონკრეტული დანაშაული მიგიძღვით თქვენ ქართველი ხალხის წინაშე, გარდა იმისა, რომ იპარავთ ბიუჯეტიდან, გარდა იმისა, რომ ქართულ ჯიგრულ პონტში ხრავთ კორუფციას, მერე კი ტრიბუნასთან თვითკმაყოფილი პოზირებთ. ამ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, 69% მოსახლეობის სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილობს, შიმშილობის ინდექსით ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ საქართველოშია, ამის გარდა, ყველას კარგად ახსოვს ბატონო გახარია, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს. თქვენ როგორც ჩანს, ძალიან მოკლე მეხსიერება გაქვთ და არ გინდათ, აღიაროთ თქვენი პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ის მოპარული მილიონები არ შერჩებათ თქვენ მინისტრებს, ისე არ შეგრჩებათ თქვენ, ბატონო გახარია, ერთ წლის წინ ქართველი ხალხის წინაშე პუტინის სახელით ჩადენილი დანაშაული, როდესაც ანტისაოკუპაციო აქცია სისასტიკით დაშალეთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.