თინა ბოკუჩავა - ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კანონმდებლობაში კოსმეტიკური ცვლილებების ნაწილი არ გახდებიან
თინა ბოკუჩავა - ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კანონმდებლობაში კოსმეტიკური ცვლილებების ნაწილი არ გახდებიან

თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, ჯიუტად თავი აარიდოს 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, შესაძლოა, საარჩევნო თემატიკის ფორმატში მონაწილეობამ აზრი დაკარგოს

„ქართული ოცნების“ გარდა, ყველა თანხმდება, რომ ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება, რაც უნდა განხორციელდეს, საარჩევნო სისტემის შეცვლა და 2020 წლის არჩევნებისთვის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ საქართველოს პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ჯიუტად თავი აარიდოს აღნიშნული რეფორმის განხორციელებას, შესაძლებელია, მისი გუნდის მხრიდან ამ ფორმატში მონაწილეობამ ​აზრი დაკარგოს.

„ხელისუფლება რას აპირებს, არ ვიცით. დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევთავაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლა დღის წესრიგში დარჩეს და დღის წესრიგიდან არ მოიხსნას, რადგან ყველა თანხმდება, რომ ეს ყველაზე ფუნდამენტური რეფორმაა, რაც უნდა განხორციელდეს. თუ სურთ, რომ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები მიიღონ და ამ სამუშაო ჯგუფში მეორეხარისხოვან საკითხებზე იმსჯელონ, ჩვენი პოლიტიკური ძალა და ეჭვი მაქვს, სხვა ოპოზიციური პარტიებიც, ვერ დაინახავენ აზრს, რომ ამ ფასადური ცვლილებების ნაწილი გახდნენ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მივეცით შანსი. იმედი მაქვს, ხელისუფლება გონივრულად იმოქმედებს, ჩვენი მხრიდან ამ შემოთავაზებას ხაზს არ გადაუსვამს და შევძლებთ, ყველა კონსენსუსამდე მივიდეთ. პოლიტიკური ნება ხელისუფლებას თუ აქვს, რომ შეისმინოს მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წელს სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაშინ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელოს. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, ამომრჩევლების ხმები მიიტაცოს იმით, რომ 73 მაჟორიტარი ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში დასვას, ბუნებრივია, ყველა დანარჩენი ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ყველაზე ფუნდამენტურს, ეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო შესაძლებლობაა“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.