თინა ბოკუჩავა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნიშნავდა ხელისუფლების გადაბარებას, ამიტომ ივანიშვილმა მარიონეტებისა და კლოუნების გამოყენებით ჩააგდო პროექტი
თინა ბოკუჩავა - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნიშნავდა ხელისუფლების გადაბარებას, ამიტომ ივანიშვილმა მარიონეტებისა და კლოუნების გამოყენებით ჩააგდო პროექტი

ფაქტია, რომ ეს ყველაფერი იყო გათამაშებული და ინსცენირებული ივანიშვილის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, დღეს განვითარებული პროცესები ქვეყანაში არჩევნების გაუქმებას ნიშნავს.

„ფაქტია, რომ ეს ყველაფერი იყო გათამაშებული და ინსცენირებული ივანიშვილის მიერ. დაჯდა, დათვალა ხმები და ძალიან კარგად მიხვდა, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნიშნავდა ხელისუფლების გადაბარებას. მან ეს იცოდა. ხუთი თვე ასე ამაიმუნა ხალხი, მერე კი, სამ დღიანი ცირკი მოაწყო საკუთარი კლოუნების გამოყენებით, ერთ-ერთის მანდატი მე დავჭერი.ეს არის კარლო კოპალიანი. ყველა მანდატი დასაჭრელია, ვინც დღეს ჩააგდო ცვლილებები.  ეს ჩვენს ქვეყანაში არჩევნების გაუქმებას ნიშნავს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ 2030 წლამდე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნას, არამედ მას შემდეგაც. ასე შეგვიძლია ივანიშვილს თავისუფლად ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყანა და შემდეგ რუსეთს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ პროცესები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დასრულდება.

„კარგია, რომ ახლა მაინც უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ჰქონდა იმის გამბედაობა, რომ პრინციპულობა გამოეჩინა და თავზე ლაფის დასხმას არ შეეგუა. ბიძინა ივანიშვილმა გაამაიმუნა ქეყანა, საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უპირველეს ყოვლისა, გაამაიმუნა საკუთარი დეპუტატები. ეს ადამიანები სამი დღის მანძილზე კლოუნებად გამოიყენა. რღვევა გაგრძელდება, გარდაუვალია. ჩემი აზრით, სავარაუდოდ, ეს დასრულდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. ამას ალბათ არავინ არ იფიქრებდა, რომ ივანიშვილი ასეთ სითავხედეზე წავიდოდა. დათვალა ვინ რამდენ პროცენტს აიღებდა. შიდა კვლევებს თითქმის ყოველდღიურად ატარებს და იცის, რომ წარმოუდგენელი იყო მთავრობის ფორმირება მოეხდინა სრულად პროპორციული სისტემით და ამიტომ გადაწყვიტა ბოლო მომენტში მარიონეტების და კლოუნების გამოყენებით ჩაეგდო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. დამემუქრა ბატონი კარლო კოპალიანი, რომ ვინც ეს მანდატი გადაჭრა იმას გადავჭრიო. ბატონო კარლო, არც თქვენი და არც თქვენი ბატონის, ივანიშვილის არც მე და არც საქართველოს მოსახლეობას არ ეშინია. ამას გიჩვენებთ ახლა იმ პრინციპულობით, რაც მოჰყვება ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომლის თანამონაწილე იყავით თქვენც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.  საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა – თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილმა საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.