თინა ბოკუჩავა - ივერი მელაშვილის ერთი ფრაზის ტირაჟირება კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება
თინა ბოკუჩავა - ივერი მელაშვილის ერთი ფრაზის ტირაჟირება კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება

სპეკულაციებს ყველაზე ცხადი პასუხი ივერი მელაშვილმა გასცა, როდესაც თქვა, რომ ურჩევნია, ციხეში დაბრუნდეს, ვიდრე ვინმემ მისი გათავისუფლება გამოიყენოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა დღის წესრიგში გიორგი რურუას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი დგას.

„ამ სპეკულაციებს ყველაზე მტკიცე და ცხადი პასუხი გუშინდელ ეთერებში თავად ივერი მელაშვილმა გასცა, როდესაც მან თქვა, რომ ურჩევნია ციხეში დაბრუნდეს, ვიდრე ვინმემ გამოიყენოს მისი გათავისუფლება, სიტყვა გატეხოს და პარლამენტში შევიდეს. ამაზე ცხადად ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ განმარტავდა, რაოდენ ამორალურია ამ ადამიანის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების საკითხით პოლიტიკური სპეკულირება.

ჩემი აზრით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებას აზრი ექნება, თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნის ლეგიტიმურობას გააცნობიერებს, ეს ეხება მათ შორის პოლიტპატიმრებს. ახლა ყველაზე მწვავედ გიორგი რურუას საკითხი დგას, რომელის გათავისუფლების ვალდებულება ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს. ასევე, ვადამდელი არჩევნების ან პლებისციტის დანიშვნის საკითხი, რომელიც არ მისცემს ოთხწლიან ლეგიტიმაციას მოპარული არჩევნებით ფორმირებულ პარლამენტს და საარჩევნო რეფორმას. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნის ლეგიტიმურობას თუ არ გაიაზრებს, პარლამენტში მარტო დარჩება“, – – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ივერი მელაშვილის განცხადებაზე, დავით გარეჯის სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით.

„მე რაც ვნახე, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ერთი ფრაზის ტირაჟირება. ამ პატიოსანი ადამიანის კეთილსინდისიერების აღიარება მონურ მორჩილებაში მყოფ მოსამართლესაც კი მოუწია, მის კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს მათ შორის ის, რომ 40 ათასი ლარი ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ორ საათში აგროვდა, რათა მათი გირაო გადახდილიყო. რეალურად, ეს არის საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც ვერც „იმედის“ პროპაგანდა და ვერც ბიძინა ივანიშვილის სხვა პროპაგანდისტული მანქანები ვერ შეცვლის. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმეა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ივერი მელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესის დაწყება პირდაპირ იმის მტკიცებით, რომ რაღაც შენია, არასწორია და საქმეს აფუჭებს. მისივე თქმით, მოლაპარაკება რაღაც ეტაპიდან უნდა დაიწყოს.

„როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.