თინა ბოკუჩავა - შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ სხდომათა დარბაზში ნორმალური სმენადობისთვის 100-100 ლარი დავდოთ
თინა ბოკუჩავა - შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ სხდომათა დარბაზში ნორმალური სმენადობისთვის 100-100 ლარი დავდოთ

ირაკლი კობახიძისა და მისი გუნდის ხელმძღვანელობის პირობებში შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ დეპუტატებმა 100-100 ლარი დავდოთ, რათა სხდომათა დარბაზში ნორმალური სმენადობა იყოს, მაგრამ უმრავლესობას ამით კომპეტენტურობის საკითხს ვერ მოვუგვარებთ და ხან ღილაკები, ხან კანონპროექტები კვლავ აერევათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნაზე საუბრისას განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა უმრავლესობას კენჭისყრაზე საკუთარი კანონპროექტები უვარდება და ამას ხან ფერების არევას აბრალებენ, ხან – აკუსტიკას.

„ძალიან სირცხვილია, როცა უმრავლესობის მქონე გუნდს თავისი ინიციატივები დაუდევრობის გამო ვერ გააქვს. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისთვის ნათელი გზავნილი უნდა იყოს, რომ საკუთარი გუნდი დროულად გამოცვალოს. ალბათ, ამის მცდელობაც აქვს, როცა ისეთ პერსონაჟებს აცოცხლებს, როგორიცაა ირაკლი ღარიბაშვილი, ვინც ვერ უშველის. სხდომათა დარბაზში სმენადობა ძალიან ცუდია, მაგრამ აკუსტიკა უნდა შეემოწმებინათ და დაესვათ გაჩეჩილაძე, თალაკვაძე და ხუთი წუთი ემსჯელათ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა. დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარი იყო იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.