თინა ბოკუჩავა - „შავი სიის“ პირველი ათეული სანქციების დაწესების მიზნით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაეგზავნება
თინა ბოკუჩავა - „შავი სიის“ პირველი ათეული სანქციების დაწესების მიზნით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაეგზავნება

ოპოზიციის „შავი სიის“ პირველ ხუთეულში ორი მოსამართლე, ერთი პროკურორი, ერთი პოლიციელი და მერიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მოხვდნენ. როგორც სპეციალური კომისიის ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა განმარტავს, თითოეულ მათგანზე არსებობს პირდაპირი და ღია მტკიცებულებები იმისა, რომ ისინი ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და თანამდებობებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებდნენ.

„ორი მოსამართლეა – გიორგი არევაძე და ვალერიანე ფილიშვილი. უკანასკნელი ფიგურირებდა 20 ივნისის უმეტეს საქმეებში და განიხილავდა უამრავი პროცესუალური დარღვევით 20 ივნისის საქმეებს. გიორგი არევაძე კი ფიგურირებს ნიკა გვარამიას, ასევე ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის, ასევე კობა კოშაძის საქმეებში. პროკურორი ვაჟა თოდუაც 20 ივნისის საქმეებში ფიგურირებდა. თბილისის საპატრულოს უფროსი კახა ბუხრაძეს არაერთ უკანონობაში აქვს მიღებული მონაწილეობა არაერთ აქციაზე, მათ შორის დაკავებებში. მაგალითად გიორგი ვაშაძე დააკავა იმისთვის, რომ ზებრაზე გადადიოდა. მეხუთე ნუგზარ ჭონქაძეა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც სულიკო კედელაშვილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, მალე გამოქვეყნდება შემდეგი ხუთეულიც, რის შემდეგაც „შავი სიის“ პირველი ათეული გასაჯაროვდება და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გადაიგზავნება იმისთვის, რომ შემდგომში ამ სიის წევრებზე ფინანსური სანქციების ან გადაადგილების შეზღუდვის დაწესება მოხდეს. რაც შეეხება შეკითხვას, არსებობს თუ არა საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტები, დეპუტატი „მაგნიტსკის“ სიაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მათ მეირ შედგენილი სია ყველაზე მეტად ამ ანალოგს შეესაბამება.

„ამ შემთხვევაში უფრო ზუსტი ანალოგია მაგნიტსკის სია, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის ფედერაციის კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე და საშუალო რგოლის წარმომადგენლებზე, მათ შორის მაგალითად პოლიციელებზე სანქციების დაწესებას აშშ-ის მხრიდან, ამას მოჰყვა ასევე რეაქციები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჩემი აზრით აბსოლუტურად რეალისტურია ის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან ადამიანის უფლებების დამრღვევები, იყვნენ სამიზნე ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამ კონკრეტულ სანქციებზე – ეს არის ფინანსური სანქციები თუ გადაადგილების შეზღუდვა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ დღევანდელ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.