თინა ბოკუჩავა - სანქციების სიასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების განცხადებები ალოგიკურია, რაც მათ შიშს ასახავს
თინა ბოკუჩავა - სანქციების სიასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების განცხადებები ალოგიკურია, რაც მათ შიშს ასახავს

სანქციების სია ჩვენს პარტნიორებს გადაეცემა, რათა სიაში შეყვანილ პირებს სანქციები დაუწესონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა ოპოზიციის მიერ სიის შედგენის საკითხთან დაკავშირებით.

ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სიის არსი სწორად გაიგოს.

„ეს არის სანქციების სია, რომელიც შემდეგ გადაეცემა ჩვენს პარტნიორებს, რათა მათ დაუწესონ სანქციები – იქნება ეს ფინანსური, თუ გადაადგილების შეზღუდვები სახელმწიფო მოხელეებზე, რომლებიც ბოროტად იყენებენ თანამდებობებს და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ. დღევანდელ შეხვედრაზეც იქნება ამ საკითხის განხილვა. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყოს მრავალპარტიული ფორმატის გადაწყვეტილება. სწორედ ასეთი კომისიის შედეგად მიიღეს პირველი ხუთი გვარი. სავარაუდოდ, შემდეგ ხუთეულშიც შევლენ პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები, რომლებიც არღვევენ კანონს. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მაგნიტსკის სიის მსგავსად, ეს სიაც განიხილონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, სიის საკითხი არ არის არც ერთი პარტიის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ის მიიღება კომისიის მიერ და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც იქნება კონსულტაციები.

„რაც შეეხება სიის სახელს, მართებული სახელი არის სანქციების სია, რადგან ამ სიის მიზანია, თანამდებობის პირებს, რომლებიც არღვევენ კანონს, დასავლელი პარტნიორების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები. აშშ იქნება თუ ევროკავშირი, სანამ დააწესებს გადაადგილების სანქციებს, მაგალითად, არ მისცემს ამა თუ იმ პირს შენგენის ზონაში შესვლის უფლებას, რისი პრეცედენტიც არსებობს, ბუნებრივია, ისინი ინდივიდუალურად შეისწავლიან ყველა პირს და კანონდარღვევებს, რაც მათ აქვთ ჩადენილი. ჩვენი მიზანია, ეს სია შევადგინოთ, გავიაროთ კონსულტაციები, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან. ეს არ არის ერთი პარტიის ინდივიდუალური ინიციატივა, ამ კომისიაში შედიან „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც სანქციების სიის შედგენის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო და ასე გავაგრძელებთ მრავალპარტიულ ფორმატში სანქციების სიის ფორმირებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებები აღნიშნულ სიასთან დაკავშირებით ალოგიკურია.

„რაც შეეხება უმრავლესობის განცხადებებს, აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგოა ის, რომ შავ სიად მოიხსენიებენ, როცა რეალურად არის სანქციების სია, რომელსაც დასავლელი პარტნიორები გამოიყენებენ ამ ინდივიდების მიმართ, მეორე მხრივ კი, აცხადებენ, რომ არასერიოზულია. ურთიერთსაწინააღმდეგო და ალოგიკურია მათი განცხადებები, რაც რეალურად ასახავს მათ შიშს, რადგან ძალიან კარგად ხვდებიან არაერთ სახელმწიფო მოხელეს და თანამდებობის პირს, მათ შორის საშუალო რგოლს, როგორებიც არიან მაგალითად, პროკურორი ვაჟა თოდუა, რომელიც მოხვდა პირველ ხუთეულში, რომლებიც იღებენ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებას და მოუწევთ გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობის აღება. ამ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო მიკერძოებულია და სასამართლოს წინაშე ვერ აგებენ პასუხს, ყველაზე მართებულად მივიჩნიეთ, რომ სწორედ დასავლელი პარტნიორების მხრიდან იყოს გამოყენებული სანქციები მათთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.