თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილს კონსტრუქციული როლის თამაში თუ სურდა, როგორც მინიმუმ, უნდა დასწრებოდა მისივე რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას
თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილს კონსტრუქციული როლის თამაში თუ სურდა, როგორც მინიმუმ, უნდა დასწრებოდა მისივე რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას

სალომე ზურაბიშვილს კონსტრუქციული როლის თამაში თუ სურდა, როგორც მინიმუმ, უნდა დასწრებოდა მისივე რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.

„ნიშანდობლივია, რომ ქალბატონი პრეზიდენტი საერთოდ არ ესწრებოდა იმ შეხვედრას, რომელიც მისივე რეზიდენციაში გაიმართა. ამიტომ, თუ რამე კონსტრუქციული როლის თამაში სურდა, ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ უნდა დასწრებოდა ამ შეხვედრას. მასაც შეუძლია, ითამაშოს დადებითი როლი ამ მოლაპარაკებაში, მათ შორის, იმით, რომ შეიწყალოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა ამ მოლაპარაკების წარმატებით წარმართვაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პროცესში მისი აქტიური ჩართულობისთვის და მიესალმება პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას.

მისივე თქმით, ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის კრიზისის განმუხტვაში ჩართვით, აჩვენა, რომ „ევროპა არა თუ გასულია ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისთვის“.

თუმცა, ზურაბიშვილის შეფასებით, ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესები კარგად არ არის გააზრებული.

„ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო და, რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.