თინა ბოკუჩავა - სააკაშვილმა სწორედ ხალხთან ერთად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა „ვარდების რევოლუციის“ სახით, ახლაც ხედავს მომენტუმს, რომელმაც ქვეყანა კვლავ უნდა მოსწყვიტოს რუსულ ორბიტას
ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, რომ რაც შეიძლება ქმედითი, აქტიური, კონსოლიდირებული და შედეგზე ორიენტირებული იყოს საერთო ოპოზიციური ძალისხმევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სააკაშვილმა, სწორედ ქართველ ხალხთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა ქვეყნისთვის „ვარდების რევოლუციის“ სახით.
„პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა სწორედ იმ ევროპული მისწრაფებების სისრულეში მოყვანის გამო, რისთვისაც ხალხთან ერთად ქუჩაში ვიბრძვით. ბუნებრივია, მისი სურვილია, და მას ვეთანხმები, რომ რაც შეიძლება ქმედითი, აქტიური, კონსოლიდირებული და შედეგზე ორიენტირებული იყოს საერთო ოპოზიციური ძალისხმევა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, სწორედ ქართველ ხალხთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის „ვარდების რევოლუციის“ სახით, რომელმაც ბიძგი მისცა უპრეცედენტო რეფორმებს და წინსვლას ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ახლაც ის ხედავს იმ მომენტუმს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა კვლავ უნდა მოსწყვიტოს რუსულ ორბიტას, საითაც ივანიშვილის რეჟიმი მიგვაქანებს და ჩვენი ქვეყანა დააყენოს ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქარათველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდეს, რომ პარტიები მუშაობენ, მხოლოდ „ორბელიანების სასახლეში“ სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ“.