თინა ბოკუჩავა - რუსეთის პროვოკაციული განცხადებები ბუნებრივია, მთავარია, როგორ პოზიციონირებას მოახდენს საქართველოს მთავრობა
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უდიდეს რესურსს ხარჯავს, რომ ომის დაწყება საკუთარ ქვეყანას დააბრალოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
დეპუტატმა ჟურნალისტებთან აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი პროვოკაციული განცხადებები ბუნებრივია, მთავარია, როგორ პოზიციონირებას მოახდენს საქართველოს მთავრობა.
„ასეთი პროვოკაციული განცხადებები ბუნებრივია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგან უკვე მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა ის დესტრუქციული როლი, რასაც რუსეთი თამაშობს, არა მხოლოდ საკუთარ რეგიონში, არამედ მათ შორის სირიაში აქვს მცდელობები, ასევე პირდაპირ ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში დემოკრატიულ ქვეყნებში.
აქ მთავარია, როგორ პოზიციონირებას მოახდენს საქართველოს მთავრობა, შეძლებს თუ არა, მაქსიმალურად მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაცია, რათა საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს ჩვენი პრობლემების გადაჭრა, დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის საკითხის საერთაშორისო ტრიბუნაზე წამოწევა“, – განაცხადა დეპუტატმა.
თინა ბოკუჩავას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამას არ აკეთებს.
„სამწუხაროდ, სწორედ ამას არ აკეთებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რადგან საკუთარ უდიდეს რესურსს ხარჯავს იმაზე, რომ ომი დაწყება საკუთარ ქვეყანას დააბრალოს და შემდგომ, გამამართლებელი განცხადებები და რაციონალიზაცია მოახდინოს ამ მოღალატეობრივი განცხადების. ეს არის მთავარი პრობლემა დღევანდელი ხელისუფლების“, – განაცხადა ბოკუჩავამ.