თინა ბოკუჩავა - როდესაც სკამზე, სადაც უნდა იჯდეს საქართველოს პარლამენტის სპიკერი, ზის რუსი დეპუტატი, ამაზე დიდი შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნისთვის არ არსებობს
თინა ბოკუჩავა - როდესაც სკამზე, სადაც უნდა იჯდეს საქართველოს პარლამენტის სპიკერი, ზის რუსი დეპუტატი, ამაზე დიდი შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნისთვის არ არსებობს

„ქართული ოცნება“ სინამდვილეში არის რუსული ოცნება, ივანიშვილის ოცნება არის ვლადიმერ პუტინის ოცნება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, თუ რაიმე ღირსების ნიშანწყალი შერჩენია ვინმეს „ქართული ოცნების“ რიგებში, თავად უნდა დააყენოს ზაქარია ქუცნაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.

„ქართული ოცნება“ სინამდვილეში არის რუსული ოცნება, ივანიშვილის ოცნება არის ვლადიმერ პუტინის ოცნება. როდესაც იმ სკამზე სადაც უნდა იჯდეს საქართველოს პარლამენტის სპიკერი, ზის რუსი დეპუტატი, ამაზე დიდი შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხება ჩვენი ქვეყნისთვის, იმ ადამიანებისთვის ვინც შეეწირა ჩვენი ქვეყნის ღირსების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, მათ შორის აგვისტოს ომის დროს, ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს. შესაბამისად ჩვენ მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, რომ არ დავუშვათ ეს სირცხვილი საქართველოს პარლამენტში. თუ რაიმე ღირსების ნიშანწყალი შერჩენია ვინმეს „ქართული ოცნების“ რიგებში, თავად უნდა დააყენოს ზაქარია ქუცნაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ამ ადამინმა მანდატი რომც დატოვოს, მხოლოდ ერთზე ვერ გადატეხენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დღეს ხდება“, – განაცხადა თინა
ბოკუჩავამ.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს.  სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს.