თინა ბოკუჩავა - „ქართულ ოცნებას“ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების აღების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების პასუხისმგებლობა არ მოეხსნება
თინა ბოკუჩავა - „ქართულ ოცნებას“ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების აღების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების პასუხისმგებლობა არ მოეხსნება

შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ღია დაპირისპირება დასავლეთთან, ამაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ექნებათ ძალიან მკაცრი რეაგირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტის აღების შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ დეზავუირება მოახდინა იმ საერთაშორისო შეთანხმების, რომელიც ავალდებულებდა, რომ ხმათა 43 პროცენტზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაეტარებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„რა დოკუმენტიდანაც არ უნდა გავიდეს „ქართული ოცნება“, ეს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მაინც არსებობს და იარსებებს ნებისმიერ შემთხვევაში და ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მხრიდან საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად იმის დასახელებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, ბოკუჩავას თქმით, აღნიშნულით „ქართული ოცნება“ თავს იმართლებს.

„რაღაცით ხომ თავი უნდა გაიმართლოს „ქართულმა ოცნებამ“, აბა, იმას ხომ არ იტყვის, გუშინწინ ამოვიდა კვლევები, სადაც ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პროცენტიო და გვეშინია ვადამდელი არჩევნებისო? თავს ამით გაიმართლებენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – 43 პროცენტი „ქართული ოცნებისთვის“ წარმოადგენდა ძალიან დიდ საფრთხეს და ამით ჰგონიათ, რომ მათ აიცილეს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა, მაგრამ ამ დოკუმენტიდან გასვლის შემთხვევაშიც, ხელმეორედ ხელმოწერის შემთხვევაშიც და ნებისმიერი სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, „ქართული ოცნების“ მიმართ უკვე არსებობს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ 43 პროცენტზე ნაკლების აღების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი, ვადამდელი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული მოქალაქე გამოვიდეს არჩევნებზე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარლამენტის დატოვების შესახებ ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აქვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება ოპოზიციამ ერთობლივად მიიღოს.

„ვნახე ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, გავივლით კონსულტაციებს. ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანია, რომ თუ ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება. კონსულტაცია ყველასთან მნიშვნელოვანია. საბოლოოდ, ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს პარტიამ უნდა განიხილოს შიგნით.
უკიდურესი ცინიზმია და კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ დაპირისპირებაში შევიდა დასავლეთთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. პრაქტიკულად ერთი კვირაა გასული მას შემდეგ, რაც რეგიონული კონფერენციის ფარგლებში თავად პრეზიდენტი მიშელი იმყოფებოდა საქართველოში. ერთი კვირაა გასული ამ დღიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ საერთოდ გავიდა ამ შეთანხმებიდან, როცა ერთი კვირის წინ ჩვენს ევროპულ პარტნიორებს და პირადად შარლ მიშელს ეუბნებოდა, რომ აუცილებლად ზედმიწევნით თითოეულ პუნქტს შევასრულებთო. კიდევ ერთხელ დღევანდელი დეზავუირება შარლ მიშელის დოკუმენტის, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ღია დაპირისპირება დასავლეთთან და ამაზე, რა თქმა უნდა, ექნებათ ძალიან მკაცრი რეაგირება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ვერც ერთ შემთხვევაში ეს რეაგირება ვერ იქნება ის, რომ მათ მოხსნან პასუხისმგებლობა 43 პროცენტზე ნაკლების აღების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს პასუხისმგებლობა მათ ყველა შემთხვევაში დარჩებათ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.