თინა ბოკუჩავა - „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს მოუწევს ოპოზიციაში გადაბარგება
თინა ბოკუჩავა - „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს მოუწევს ოპოზიციაში გადაბარგება

„ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა შეხვედრები, რომლებიც კომუნისტური პარტიის ერთსულოვნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მხარს დაუჭერს და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში „გადაბარგება“.

„ნაცვლად საჯარო განხილვებისა, „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, ჩაატარა შეხვედრები, რომლებიც კომუნისტური პარტიის ერთსულოვნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას მოსახლეობისთვის. თუმცა ვაპირებთ, რომ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, იქნება ეს ბლოკებით თუ ბლოკების გარეშე, მაინც დავუჭიროთ მხარი. სრულად პროპორციული სისტემა არის საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გავრილოვის ღამის მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა, მათი მოთხოვნა იყო სწორედ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ამ მონაპოვრის კანონში გაფორმებას აუცილებლად სრული შემადგენლობით დავუჭერთ მხარს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სრულად პროპორციულ სისტემასთან ერთად ბლოკების დაშვებაც იქნებოდა უმჯობესი, თუმცა თუ ივანიშვილს სურს, თავისი გადმოსახედიდან ნაღმები ჩადოს და ჰგონია, რომ ამით რამეს მოიგებს, ნახავს რომ საკუთარი თამაშის წესებითაც კი ე.წ ნულოვანი ბარიერით და უბლოკო სისტემით, მაინც წააგებს 2020 წლის არჩევნებს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადაბარგება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.