თინა ბოკუჩავა პროკურატურას ზუგდიდში 19 მაისს მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყებას სთხოვს
თინა ბოკუჩავა პროკურატურას ზუგდიდში 19 მაისს მომხდარ ინციდენტზე გამოძიების დაწყებას სთხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა.

თინა ბოკუჩავა უწყებისგან იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებმაც მას 19 მაისს ზუგდიდში, მეცხრე საარჩევნო უბანი დაატოვებინეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. თინა ბოკუჩავა შემთხვევაში მონაწილე პირების ვინაობასაც ასახელებს და აცხადებს, რომ ასეთი ადამიანები ქართული პოლიციის სირცხვილია.

„ვითხოვთ, რომ დაუყონებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას 19 მაისს, ზუგდიდში, მეცხრე საარჩევნო უბანზე და მოახდინეს ჩემთვის უკანონოდ თავისუფლების შეზღუდვა.

ეს ისჯება კანონით და მოვითხოვთ, რომ დაუყონებლივ, სისხლის სამართლებრივ დევნაში მიეცნენ კონკრეტულად კახაბერ მურადაშვილი და მისი ხელქვეითი მამუკა ჯანანაშვილი. ასეთი ადამიანების ადგილი საქართველოს პოლიციაში არ არის. ისინი არიან საქართველოს პოლიციის სირცხვილი და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, რომ კანონის სრული სიმკაცრით პასუხი აგონ ამ ადამიანებმა და ყველა იმ პოლიციელმა, რომელმაც ამ უკანონობაში მონაწილეობა მიიღო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანი 19 მაისს დაატოვებინეს. როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ შემთხვევის ადგილზე განუცხადა, მას საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით, უკანონოდ დაატოვებინეს.