თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის მასშტაბურად უყურებდა, მათ შორის, ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას
თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის მასშტაბურად უყურებდა, მათ შორის, ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას

პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის მასშტაბურად უყურებდა, მათ შორის ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, მან შეძლო, მაგალითად, გაეჩინა ისეთი უნიკალური და დიდი მასშტაბის შესაძლებლობები, როგორიც იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც საერთოდ გარდაქმნიდა არამც თუ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ევროპული მომავალი და მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობა სამუდამოდ დაკარგოს.

„სამწუხაროდ, ახლა ხელისუფლებაში გვყავს რეჟიმი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ, პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და ჩვენს ქვეყანას ართმევს ისტორიულ შესაძლებლობას, გახდეს ევროპის ნაწილი, მათ შორის ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მეზობლებთან ერთად გავიდეთ სამშვიდობოს და დავეხსნათ ნეოიმპერიალისტურ ზრახვებს. ნაცვლად ამისა, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ევროპული მომავალი და მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობა სამუდამოდ დაკარგოს. ფაქტია, რომ ადგილი აქვს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ცვლილებებს ჩვენს რეგიონში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს და ამით გაიმარჯვებს თავისუფლება და ევროპული ღირებულებები, რადგან უკრაინელი ხალხი მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისთვის არ იბრძვის, არც მხოლოდ საკუთარი ტერიტორიისთვის. უკრაინის გამარჯვების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს რეგიონში მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები და საქართველო ამ ცვლილებებში უნდა იყოს ნათელ მხარეს. სამწუხაროდ, დღეს „რუსული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ წაგებული რუსეთის მხარეს აღმოჩნდეს საქართველო უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, მაგრამ ჩვენ, დემოკრატიულმა ოპოზიციამ და თავისუფლად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქეებმა ერთობლივი ძალებით უნდა ვიმოქმედოთ, რომ საქართველო გამარჯვებულის და არა დამარცხებულის მხარეს აღმოჩნდეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.