თინა ბოკუჩავა - პასუხისგებაში უნდა მიეცეს არა მხოლოდ გურწიევი და ტაბოევი, არამედ ყველა, ვინც მსგავსი ტიპის ქმედებებში იყო ჩართული
თინა ბოკუჩავა - პასუხისგებაში უნდა მიეცეს არა მხოლოდ გურწიევი და ტაბოევი, არამედ ყველა, ვინც მსგავსი ტიპის ქმედებებში იყო ჩართული

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემია არამხოლოდ ორი პირი, არამედ სია არის საკმაოდ ვრცელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მისასალმებელია ამ საკითხში ევროკავშირის მხარდაჭერა.

„მივესალმებით იმას, რომ არის სრული მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან, როგორც ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სია განივრცოს და არ შეჩერდეს მხოლოდ ამ ორ ადამიანზე, რომელზეც ახლა არის საუბარი.  რეალურად პასუხისგებაში მისაცემია არა მხოლოდ გურწიევი და ტაბოევი, არამედ სია არის საკმაოდ ვრცელი. იმისთვის, რომ რუსეთმა იგრძნოს პასუხისმგებლობა და რამე შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს საბოლოო ჯამში ამ ქმედებებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სია სრულად მოიცავდეს პირებს, რომლებიც ჩართული არიან ასეთი ტიპის ქმედებებში“, – განაცხადა დეპუტატმა.

ევროპის საბჭოში ევროკავშირის სახელით მიღებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიების ჩატარებას და მართლმსაჯულების აღდგენას 2016 წლის მაისში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე.

ამასთან, 2018 წლის 13 სექტემბერს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ მიმდინარე წლის 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირები მიცემული არიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო.