თინა ბოკუჩავა - პარტიის წევრებს გავრცელებული საუბრის ჩანაწერზე სააკაშვილთან არ გვისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი რეალობას არ შეესაბამება
თინა ბოკუჩავა - პარტიის წევრებს გავრცელებული საუბრის ჩანაწერზე სააკაშვილთან არ გვისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი რეალობას არ შეესაბამება

პარტიის წევრებს სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერზე სააკაშვილთან არ გვისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩანაწერი რეალობას არ შეესაბამება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ უკრაინული სააგენტოს მიერ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, არის ბიძინა ივანიშვილის დამქაშების რუსული სტილის უნიჭო ჭრა-კერვა, რომელსაც არანაირი კავშირი ავთენტურობასთან და რეალობასთან არ აქვს.

„ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი ბინძური კრეატივით, თავის წარმოდგენით, გავა ფონს არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ამ საკითხზე გასცემს უმწვავეს პასუხს, როდესაც ეტყვის, რომ ტყუილს, პრორუსული ტიპის პოლიტიკას საქართველოში ადგილი აღარ აქვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, პარტიის წევრებს ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილთან არ უსაუბრიათ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ჩანაწერი რეალობას არ შეესაბამება.

„რუსული პროპაგანდა, ისევე როგორც საქართველოში, ასევე მძვინვარებს უკრაინაში. ჩვენ დავინახეთ არაერთი კავშირი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, როგორ თანამშრომლობენ სწორედ რუსული ტელეარხები, პროპაგანდისტული წყაროები საქართველოს პუტინისტურ ხელისუფლებასთან და ეს არის ამ ქსელის ერთ-ერთი გამოხატულება. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავალ ასეთ ვიდეოფირს დაამონტაჟებინებს ბიძინა ივანიშვილი თავის უნიჭო დამქაშებს, რათა რამენაირად ასე გავიდეს ფონს არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ ტყუილებით აღარ მოტყუვდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.