თინა ბოკუჩავა - ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან ნებისმიერი მოლაპარაკება აუცილებლად მრავალმხრივ ფორმატში უნდა მოხდეს
თინა ბოკუჩავა - ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან ნებისმიერი მოლაპარაკება აუცილებლად მრავალმხრივ ფორმატში უნდა მოხდეს

ოკუპირებული ტერიტორიების ნებისმიერ წარმომადგენელთან ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკება აუცილებლად მრავალმხრივ ფორმატში უნდა მოხდეს, სადაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, დაუშვებელია, მსგავს მოლაპარაკებებზე საქართველო იყოს პირისპირ, ან მხოლოდ რუსეთთან, ან მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.

„დაუშვებელია ასეთი ტიპის მოლაპარაკებებზე საქართველო იყოს პირისპირ, ან მხოლოდ რუსებთან ან მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ამის გარანტია არ არსებობს და ამიტომ, ყველა პოლიტიკური ძალა, ისევე, როგორც ზოგადად, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, რომ ეს არ დაუშვას. პატრიოტული, რეალურად პროდასავლური პოლიტიკური ძალების მიერ ნებისმიერი ტიპის დიალოგი უნდა შედგეს მრავალმხრივ ფორმატში, სადაც იქნებიან წარმოდგენილი საერთაშორისო პარტნიორები“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, მსგავსი ფორმატი უკვე არსებობს და ეს არის ჟენევის დისკუსიები, რომელშიც არიან აშშ, ევროკავშირი.

„ამის პარალელურად ხელისუფლებამ შექმნა ე.წ კარასინის ფორმატი, რომელიც საზოგადოების ზურგსუკან იმართება და ჩემი ღრმა რწმენით, დიდი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ინტერესებს. ასე რომ, ასეთი ტიპის დიალოგი უნდა იყოს გამორიცხული“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“  ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს. „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.