თინა ბოკუჩავა - „ოცნება“ თუ მხარს უჭერს დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას, აუცილებლად გაიტანენ, წუხილი სხვასთან უნდა იყოს, რომ გაჩნდა საკითხი, რომელზეც კონკრეტული პოლიტიკოსები და „ოცნება“ იზიარებენ პოზიციებს
თინა ბოკუჩავა - „ოცნება“ თუ მხარს უჭერს დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას, აუცილებლად გაიტანენ, წუხილი სხვასთან უნდა იყოს, რომ გაჩნდა საკითხი, რომელზეც კონკრეტული პოლიტიკოსები და „ოცნება“ იზიარებენ პოზიციებს

ნამდვილად ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ პირველად ჩემი 11-წლიანი საპარლამენტო საქმიანობის განმავლობაში „ოცნება“ მხარს უჭერს, მით უმეტეს, დაჩქარებული წესით, ოპოზიციის ინიციატივის მიღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღების შემთხვევაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

ბოკუჩავას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ არცერთ კანონპროექტს არასდროს ჰქონია მსგავსი მხარდაჭერა.

„მხარდაჭერა არ ჰქონია, მათ შორის, მაგალითად, იმ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა, მაგალითად, სანქცირებული პირების შემოშვების აკრძალვას, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება და აქტუალურია. აღნიშნულ საკითხზე ბიურომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი არ დაეჭირა, მაგრამ, ამავდროულად, მხარს უჭერენ რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ სიკეთეებს პარლამენტის სხვადასხვა წევრისთვის, რომლებიც ერთ დროს იყვნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, შემდეგ გავიდნენ და აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლად სურთ ჯგუფის შექმნა, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირია. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური შეფასებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იქნება პლენარულ სხდომაზე, თუ ის დღეს დადგა. თუ „ოცნება“ მხარს უჭერს ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის ინიციატივას, ამ ინიციატივას ისინი აუცილებლად გაიტანენ, რადგან ექნებათ საკმარისი ხმები და, მგონი, წუხილი სხვაგან და სხვასთან უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდა საკითხი, რომლის ირგვლივაც კონკრეტული პოლიტიკოსები და „ქართული ოცნება“ იზიარებენ პოზიციებს და მზად არიან, რომ დაჩქარებული წესით აღნიშნულ ინიციატივებს მიეცეთ კანონის სახე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენო უმრავლესობა მხარს დაუჭერს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს.