თინა ბოკუჩავა - ნატოს-ს ასამბლეაზე მივიღე გზავნილი, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ დააჩქაროს რეფორმები, რომლებიც არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობაცაა
თინა ბოკუჩავა - ნატოს-ს ასამბლეაზე მივიღე გზავნილი, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ დააჩქაროს რეფორმები, რომლებიც არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობაცაა

მივიღე მკაფიო გზავნილი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ დააჩქაროს რეფორმები, რაც პირდაპირ მითითებაა, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში განუცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს.

მისი თქმით, რეფორმების გატარება არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობაც არის.

„პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე ვიკითხე ვაშინგტონის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩატარდეს. რამდენად აქვს საქართველოს შანსი, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტზე განიხილონ საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანება, მათ შორის, MAP-ის გარეშე. პასუხად მივიღე მკაფიო გზავნილი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ დააჩქაროს რეფორმები, რაც პირდაპირ მითითებაა, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობაც არის, რაც, ბუნებრივია, საქართველოსთვის არის ერთადერთი რეალური მშვიდობის გარანტი. როდესაც ხელისუფლება საუბრობს ხოლმე მშვიდობასა და სტაბილურობაზე, რაღაც ეფემერულ მშვიდობასა და ყალბ მშვიდობაზე კი არ უნდა გველაპარაკებოდეს, იმ რეალურ სტაბილურობაზე და მშვიდობაზე, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას შეუძლია, საქართველოს მოუტანოს. ეს პირდაპირ დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.