თინა ბოკუჩავა – „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა, სხდომა რომ იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, ის უნდა იყოს ლეგიტიმური

17:17, 01.08.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ 30 ივლისის პლიტსაბჭოს სხდომას 40-მდე ადამიანი ესწრებოდა, რაც ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო უფლებამოსილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო 130 ადამიანისგან შედგება, იმისთვის, რომ სხდომა უფლებამოსილი იყოს გადაწყვეტილებების მისაღებად, უნდა იყოს ლეგიტიმური.

„ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, რომ ოჯახთან ერთად ვგეგმავდი ქალაქიდან გასვლას. ძალიან ვწუხვარ, თუ პოლიტსაჭოს წევრები ამბობენ, რომ პოლიტისაბჭოს სხდომა დიდი ხნით ადრე ჩაინიშნა. მათ შეუძლიათ, სთხოვონ სხდომის მდივანს და ამოიღონ, როდის გაკეთდა გზავნილები. ეს იყო ორი დღით ადრე, როდესაც მე უკვე ქალაქიდან ვიყავი გასული ოჯახთან ერთად. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ბევრ სიყალბეს ვაწყდები, იძულებული ვხვდები, რაღაცებზეც ვისაუბრო. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომას არ ვესწრებოდი, ყრილობის ჩატარებამდე მე ვასრულებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობას, იქ არ იმყოფებოდა თავმჯდომარის არცერთი მოადგილე, არ იმყოფებოდნენ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ლიდერები. მეტიც, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ჩემი ინფორმაციით, და ეს, ცნობები, ბუნებრივია, მე მომივიდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ესწრებოდნენ პოლიტიკურ საბჭოს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო უფლებამოსილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო 130 ადამიანისგან შედგება. იმისთვის, რომ იყოს ქვორუმი და სხდომა უფლებამოსილი იყოს გადაწყვეტილებების მიღებებად, მათ შორის ყრილობის თარიღის ჩანიშვნა, შესაბამისი დელეგატების განსაზღვრა, ყველა იმ პროცედურის დადგენა, რაც აუცილებელია ყრილობა ყველა წესის და კანონის დაცვით მოწვეული, ამას ძალიან დიდი შედეგები ახლავს თან, რაოდენ ტექნიკურს არ უნდა არქმევდეს ესა თუ ის პირი ყრილობას, ამ ყრილობის შედეგი შემდგომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს, და სამართლებრივად რომ გაფორმდეს, ის უნდა იყოს ლეგიტიმური. თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების და საფრთხეების წინაშე აყენებს პარტიას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, პარტიის გენერალურ მდივანს სთხოვა გადმოეგზავნა სხდომის ოქმი და ხელმოწერები, თუმცა ამ დრომდე დოკუმენტაცია არ მიუღია, თხოვნაზე უარი მიიღო.

„დიდი იმედი მაქვს, მანიპულაციას არ ექნება ადგილი. როდესაც პარტიას დამოკლეს მახვილივით ამხელა საფრთხე ემუქრება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან – საკონსტიტუციო სასამართლო იმუქრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებით, ამ ფონზე ყოვლად მიუღებელია ამგვარი რისკის ქვეშ პარტიის დაყენება. ყრილობის თარიღი ომის დღეებს რომ ემთხვევა, ესეც ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია, რადგან, როგორც წესი, პარტია სწორედ ამ თარიღზეა კონცენტრირებული და არა ტექნიკური ყრილობის ჩატარებაზე. ქვორუმით მანიპულირება და პოსტფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, რომ ქვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არმყოფი დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ“ მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წლის მანძილზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო დავალება, ყრილობა რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო.

„სავარაუდოდ, პეტრე ცისკარიშვილმა მიიღო დავალება პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო ყრილობა, რომ ის ცვლილებები  განხორციელდეს, რაც დასახული აქვს. ეს მისი გადასაწყვეტია. ეს არის მიშას პარტია, ყოველთვის იყო და არის მიშას პარტია და მას აქვს სრული ლეგიტიმური უფლება, გაატაროს ის ცვლილებები, რაც სურს. მან თუ გასცა ასეთი დავალება და ბრძანება, რომ ჩაინიშნოს ყრილობა, როგორც მინიმუმ, იმის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მთავარ პასუხისმგებელ პირს, რომ წესის, კანონის დაცვით მომხდარიყო და არა გაყალბებული ხელმოწერების ხარჯზე. „ქოცებთან“ ბრძოლაში „ქოცებს“ ხომ ვერ დავემსგავსებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი