თინა ბოკუჩავა - მზად ვართ, ხელისუფლება არსებული საარჩევნო მოდელითაც დავამარცხოთ
თინა ბოკუჩავა - მზად ვართ, ხელისუფლება არსებული საარჩევნო მოდელითაც დავამარცხოთ

მზად ვართ, ხელისუფლება არსებული საარჩევნო მოდელითაც დავამარცხოთ, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ არის იმ ფორმაში, რომ ვინმეს ულტიმატუმით ესაუბროს.

„ამიტომ, პირველ რიგში, მათ ცოტა ადეკვატურობას ვურჩევდი. ის, რომ 100/50 მიუღებელია ოპოზიციისთვის, მათ მოლაპარაკებების დროსაც ვაცნობებთ, ვიდრე ივანიშვილი ააყირავებდა მოლაპარაკებების მაგიდას, როცა გიგი უგულავა დაიჭირა და განაგრძო პოლიტიკური დევნა. ასევე, მიუღებელია 110/40 და ზოგადად, ვაჭარ ივანიშვილთან ვაჭრობაში შესვლას ოპოზიცია არ აპირებს. ჩვენთვის ფუნდამენტურია პრინციპი, რომელიც არ მისცემს არც ერთ პარტიას, რომელსაც არ გააჩნია მოსახლეობის მხარდაჭერა, მოიპოვოს უმრავლესობა პარლამენტში. სულ მცირე, 40 პროცენტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომ მას შეეძლოს მთავრობის ფორმირება. ხოლო ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს მხარდაჭერა არ აქვს და ცდილობს, იმანიპულიროს ციფრებით, რომ ხელოვნურად შეინარჩუნოს ძალაუფლება. ბურთი მთლიანად ხელისუფლების მოედანზეა. ისინი გადაწყვეტენ, რომ არსებული მოდელით წავიდნენ შემდეგ არჩევნებზე? ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მოდელითაც დავამარცხოთ და გავისტუმროთ მათი რეჟიმი. ამ გამარჯვების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ოპოზიციის საერთო შეთანხმება, ერთიანი ფრონტის შექმნა, მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება, რაზეც ოპოზიცია აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, პრაქტიკულად შეთანხმებულია თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქი.

„ასევე ვაპირებთ, რომ შევთანხმდეთ სხვა ოლქებზე. მთავარია, რომ ყველა პარტიამ თავი იგრძნოს სამართლიანად წარმოდგენილად საერთო მაჟორიტარულ სიაში. ჯერჯერობით ძალიან კონსტრუქციულად მიმდინარეობს აღნიშნული მოლაპარაკებები. გასაგებია, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს და ამას აჩვენებს ყველა წარსული არჩევნები. თუმცა, ჩვენი სულისკვეთებაა, რომ მნიშვნელოვანია ერთიანი ფრონტის შექმნა და ყველას მოუწევს გარკვეული დათმობები გაკეთება“, – აცხადებს ბოკუჩავა.