თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია სანქციების გაფართოება, რომ ეს მოიცავდეს ფინანსურ კლანს, რაზეც დგას რეპრესიული რეჟიმი, ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული სანქციების გადაწყვეტილება
თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია სანქციების გაფართოება, რომ ეს მოიცავდეს ფინანსურ კლანს, რაზეც დგას რეპრესიული რეჟიმი, ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული სანქციების გადაწყვეტილება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, სანქციები გაფართოვდეს და ყველა ევროპული ქვეყნის დონეზე იქნეს მიღებული სანქციების გადაწყვეტილება.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, სანქციები უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს, არამედ „ე.წ. ხელშემწყობებს და ფინანსურ კლანს, რაზეც დგას რეპრესიული რეჟიმი“.

„სანქციების გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, პირთა წრეზე, რომ ეს მოიცავდეს არა მხოლოდ პერსონალურად ივანიშვილს, ასევე მისი ოჯახის წევრებს, რომ მან ვერ შეძლოს სანქციებისთვის თავის არიდება, აგრეთვე ეგრეთ წოდებულ ხელშემწყობებს, რომლებიც არიან მისი პროპაგანდისტები თუ ეგრეთ წოდებული ბიზნესი და სინამდვილეში ფინანსური კლანი, რაზეც დგას რეპრესიული რეჟიმი. ასე რომ, გაფართოება პირთა წრეზე, ისევე როგორც ქვეყნების ჩამონათვალის თვალსაზრისით, ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ ბალტიის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს და ა.შ. მაგრამ უნდა გაფართოვდეს, რათა ყველა ევროპული ქვეყნის და, ზოგადად, ევროკავშირის დონეზე იქნეს მიღებული სანქციების გადაწყვეტილება“, – განუცხადა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

ბოკუჩავას განმარტებით, ზურაბ ჯაფარიძეს თავის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე დეტალურად არ უსაუბრია.