თინა ბოკუჩავა - მხარდამჭერ აქტში ხაზგასმულია დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა, რაც ითვალისწინებს სამართლიან არჩევნებს
თინა ბოკუჩავა - მხარდამჭერ აქტში ხაზგასმულია დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა, რაც ითვალისწინებს სამართლიან არჩევნებს

მხარდამჭერ აქტში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება, რაც ითვალისწინებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, სამწუხაროდ, წინა არჩევნები ამგვარი არ იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ კონგრესმენების, ადამ კინზინგერისა და გერი კონოლის მიერ წარდგენილ საქართველოს მხარდამჭერი აქტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, აირჩიოს ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფალი და შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე არსებული ვალდებულებები.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს აქტი და ძალიან დიდი მადლობა კონგრესმენებს, კიზინგერს და კონოლის, ისევე როგორც წარმომადგენლობითი პალატის ყველა იმ წევრს, რომელიც მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თუმცა აქტში ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოსა და მისი სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, რაც ითვალისწინებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. სამწუხაროდ, წინა არჩევნები ამგვარი არ იყო და სწორედ ამიტომ ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, რომელიც ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, არა მხოლოდ ავირჩიოთ ხელისუფალი, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან, ასევე შევასრულოთ ის ვალდებულებები, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს. ამის გარეშე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სამწუხაროდ ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება და სკეპტიციზმით შემოგვხედავენ, მათ შორის ისეთი გულმხურვალე მხარდამჭერები, როგორებიც არიან კინზინგერი და კონოლი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ოპოზიციისა და მთელი საზოგადოების ვალია, ივანიშვილს გააგონონ მათი და საერთაშორისო პარტნიორების ხმა, რითაც იძულებული გახდება, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

„ნებისმიერი ნორმალური, დემოკრატიული, პროდასავლური ხელისუფლებისთვის ეს იქნებოდა ყურადსაღები გზავნილი, თუმცა ივანიშვილის ამოცანა არ არის საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის სისრულეში მოყვანა.

ოპოზიციას, ისევე როგორც მთელ საზოგადოებას გვაქვს ვალი, რომ ივანიშვილს გავაგონოთ ჩვენი ხმა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ხმა და ამ ზეწოლის ფონზე, ის იძულებული გახდეს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რის შედეგადაც ავირჩევთ მართლაც პროდასავლურ და ნორმალურ ხელისუფლებას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.