თინა ბოკუჩავა - მივესალმები სააკაშვილის გულწრფელ ემოციას, ჩემი აზრით, საქართველოში ცვლილებების უმთავრესი მედროშე იქნება ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ერთხელ უკვე ამოიყვანა ჭაობიდან
თინა ბოკუჩავა - მივესალმები სააკაშვილის გულწრფელ ემოციას, ჩემი აზრით, საქართველოში ცვლილებების უმთავრესი მედროშე იქნება ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ერთხელ უკვე ამოიყვანა ჭაობიდან

პოლიტიკოსის ერთ-ერთი თუ არა, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება უნდა იყოს გულწრფელობა, ნამდვილად მივესალმები მისი მხრიდან ამ გულწრფელ ემოციას,-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი იყო ადამიანი, რომელთანაც ასოცირდება საქართველოს წინსვლა, ხოლო დღეს საქართველოს სიღარიბიდან გამოყვანა.

„ჩემი აზრით, პოლიტიკოსის ერთ-ერთი თუ არა, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება უნდა იყოს გულწრფელობა, რადგან სწორედ გულწრფელობას აფასებს ამომრჩველი. ამიტომ ნამდვილად მივესალმები მისი მხრიდან ამ გულწრფელ ემოციას და დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან სწორად მიიღებს საქართველოს ამომრჩეველი. მიხეილ სააკაშვილი იყო ადამიანი, რომელთანაც ასოცირდებოდა საქართველოს წინსვლა და დღეს მასთან ასოცირდება საქართველოს გამოყვანა იმ სიღარობიდან, სიდუხჭირიდან, რომელშიც მილიარდერი ივანიშვილის ოლიგარქიულმა რვა წლიანმა მმართველობამ ჩვენი ქვეყანა შეიყვანა, ბიძინა ივანიშვილი ასხივებს, თუ როგორ უნდა დარჩეს ქვეყანა ჭაობში, მაგრამ ჭაობიდან ამოყვანის პერსპექტივას ყველაზე მეტად ასხივებს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, „ყველა არჩევნების წინ ისმის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება, თუმცა არც ერთხელ დაბრუნებულა, როგორ აპირებს დაბრუნებას, ელექტორატის გამხნევების მცდელობაა?“,- ბოკუჩავა ასე პასუხობს:

„ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მართლაც მომწიფდა ცვლილებების დრო საქართველოში, ჩემი აზრით, ამ ცვლილებების უმთავრესი მედროშე აუცილებლად იქნება ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ერთხელ უკვე ამოიყვანა ჭაობიდან და ამას კიდევ მოახერხებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არჩევნებამდე, გარისკავს სამართლებრივი საქმეების ფონზე?, ბოკუჩავა პასუხობს: „ამას ვნახავთ, ივანიშვილი ვეღარ გარისკავს, რადგან მას ძალიან მკვახე პასუხი ელოდება საქართველოს მოსახლეობისგან“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.