თინა ბოკუჩავა - მეგის ქარდავას არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გახსენება ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს
თინა ბოკუჩავა - მეგის ქარდავას არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გახსენება ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს

მეგის ქარდავას არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გახსენება ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ქართული მართლმსაჯულება, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს არის კონკრეტული კლანის მიერ ჩაგდებული სისტემა, რაზეც საუბრობს მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში. ამ ქვეყანაში ობიექტური და მიუკერძოებელი სამართალწარმოების იმედი ვერავის ექნება. რაც შეეხება კონკრეტულად მეგის ქარდავას, მისი გამოყენება „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის, რადგან წინასაარჩევნოდ სურთ, კვლავ ისაუბრონ წარსულზე და ისრები გადაიტანონ სხვა მიმართულებით. ის, რომ ახლა გაახსენდათ ეს ადამიანი, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ადასტურებს იმას, რომ რეალურად „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.

წლების წინ იყო დავები, წლების წინ მიესაჯა, თუმცა ექსტრადირება როდესაც ხდება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვა, არამედ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად არის ივანიშვილის რეჟიმის ერთადერთი ამომავალი წერტილი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ და 17 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ უკრაინიდან მისი საქართველოში ეტაპირება განხორციელდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის ექვსი საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.