თინა ბოკუჩავა - ხელისუფლების მხრიდან არის სრული იგნორი და ნიველირება ლევან ვასაძის ძალადობრივი მოწოდებების მიმართ
თინა ბოკუჩავა - ხელისუფლების მხრიდან არის სრული იგნორი და ნიველირება ლევან ვასაძის ძალადობრივი მოწოდებების მიმართ

ხელისუფლების მხრიდან არის სრული იგნორი და ნიველირება ლევან ვასაძის ძალადობრივი მოწოდებების მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლევან ვასაძე იმუქრება.

„ვასაძე სამართალდამცველების მიმართ იმუქრებოდა, მაგრამ ხელისუფლება სრულ დაუსჯელობას მიმართავს. დაუსჯელობას მიმართავს მაშინ, როდესაც ხელაღებით ებრძვიან პროდასავლურ ჯგუფებს, პროდასავლურ ოპოზიციას, პროდასავლურ არასამთავრობო სექტორს და პროდასავლურ მედიას. ნათელია რას ნიშნავს ეს და რაზე მეტყველებს. ეს ორმაგი სტანდარტი, ერთი მხრივ, პირდაპირი ძალადობრივი მოწოდებების იგნორირება პრორუსული ჯგუფებისგან, ხოლო უსაფუძვლოდ დევნა პროდასავლური ჯგუფების მათ შორის, ივანიშვილის საგარეო ორიენტაციაზე ნათლად მეტყველებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.