თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რამეს დათმობა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა
თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რამეს დათმობა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა

ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რამე დათმობა და სურს თუ არა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვას, უბრუნდება თუ არა დიალოგის მაგიდას.

ბოკუჩავას თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ბურთი ხელისუფლების მოედანზეა.

„პოტენციური და თეორიული ფანჯარაც კი იხურება, იმ კონსტიტუციური ვადებიდან გამომდინარე, რაც არის. თუმცა, ამ შემთხვევაში ბურთი მთლიანად არის ხელისუფლების მოედანზე, რადგან ივანიშვილმა ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით შეიქმნა. ამიტომ მათ უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა, რაიმე დათმობა, სურთ თუ არა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ. თუ სურთ, რომ ამ კრიზისული ვითარებით შევიდეს ქვეყანა არჩევნებიში, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათთვის იმოქმედებს ძალიან ნეგატიურად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.