თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ ჩვენი მმართველობის დროს მოპოვებული და განმტკიცებული რეიტინგებით თავის მოწონება დაიწყო, რაც ღიმილის მომგვრელია
თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ ჩვენი მმართველობის დროს მოპოვებული და განმტკიცებული რეიტინგებით თავის მოწონება დაიწყო, რაც ღიმილის მომგვრელია

ოპოზიციონერი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოპოვებული და განმტკიცებული რეიტინგებით იწონებს თავს.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში თინა ბოკუჩავა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიო ბანკის რეიტინგებს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველო მეშვიდე ადგილზეა.

„ბიძინა ივანიშვილი ასეთი სახის ინდიკატორებს სააკაშვილის ტყუილებად აფასებდა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო. ივანიშვილი საერთაშორისო ფორუმებზე დადიოდა, მათ შორის დავოსში და ყვებოდა, რომ რეიტინგები სიცრუე იყო და საერთაშორისო პარტნიორებს ამ რეიტინგებისთვის არ უნდა დაეჯერებინათ. ახლა იგივე ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მმართველობის დროს მოპოვებული და განმტკიცებული რეიტინგებით თავის მოწონება დაიწყო, რაც ღიმილის მომგვრელია. ზოგადად, ქვეყნისთვის ასეთი რეიტინგები ძალიან მნიშვნელოვანია. რეიტინგის შენარჩუნება კარგია, მაგრამ ეს იმ ინერციით ხდება, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა. თუ დღეს ქვეყანაში რამე ინსტიტუცია მუშაობს, ესეც ინერციით ხდება“, – დასძინა ბოკუჩავამ.

ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში (Doing Business 2020) საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. შესაბამის კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, რადგან 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა.

ამასთან, 2020 წლის ანგარიშში საქართველო შეფასებულია 83,7 ქულით. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შეადრებით 0,2 ქულით გაუმჯობესდა.