თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება ცდილობს, შეარჩიოს საარჩევნო მოდელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას შეუნარჩუნებს
თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება ცდილობს, შეარჩიოს საარჩევნო მოდელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას შეუნარჩუნებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა.

ბოკუჩავას თქმით, შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია.

ამასთან, ბოკუჩავას განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს, შეარჩიოს ისეთი მოდელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას რამენაირად შეუნარჩუნებს.

ბოკუჩავა ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მზად არიან, მოლაპარაკებებში მონაწილეობა გააგრძელონ.

„სავარაუდოდ, დამატებითი დრო მოითხოვეს ან იმისთვის, რომ დათანხმდნენ ჩვენს ვარიანტს ან შემოგვთავაზონ რაიმე კონკრეტული თავიანთი მაგალითი. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას ამ მოლაპარაკებებში. ფაქტია, ცდილობენ, შეარჩიონ ნებისმიერი ისეთი მოდელი, რომელიც რამენაირად შეუნარჩუნებს ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ამისთვის სურთ შერეული სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს. ამიტომაც არ დათმო ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენი მოთხოვნა რჩება იგივე, რომ ახალგაზრდებს არჩევნებზე რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცეთ, ეს არ იყოს ჩაკეტილი წრე, სადაც წინსწრებად ნაყიდი აქვს ერთ ფეოდალს არჩევნების შედეგები. ამის მისაღწევად ჩვენ მზად ვართ, იმ მოდელზე, რომელსაც ვთავაზობთ ან ნებისმიერ სხვა რაციონალურ მოდელზე ( არა იმ აბსურდულ შემოთავაზებებზე, რაც მაგალითად გააჟღერა მდინარაძემ და რომელიც სერიოზულად არავის განუხილავს, მათ შორის არც ამ მოლაპარაკების ფორმატში) ვიმსჯელოთ“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიპლომატების მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი შეხვედრა პარასკევს, 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.