თინა ბოკუჩავა - კახა კალაძის უტიფარი განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ის და მისი ბატონი შეშინებულები არიან
თინა ბოკუჩავა - კახა კალაძის უტიფარი განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ის და მისი ბატონი შეშინებულები არიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენრალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას უტიფარს უწოდებს.

როგორც ბოკუჩავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ქართული ოცნება“ შეშინებულია, რადგან ხვდებიან, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანეს.

„ქალაქის მერის უტიფარი განცხადება მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ის და მისი ბატონი შეშინებულები არიან. კარგად ესმით, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანეს. ამ კრიზისიდან გამოსავალია მხოლოდ იმ მოთხოვნების შესრულება, რაც ოპოზიციამ ერთობლივად დააყენა – მთავრობის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დროებითი მთავრობის დაკომპლექტება. აღნიშნული მოთხოვნების შესრულების გარეშე, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ვერ მოხდება. მისი უტიფარი განცხადებების ნაცვლად, სჯობს, კეთილისმსურველმა  ივანიშვილს მოუწოდოს დაპირებების შესრულებისკენ, რათა ქვეყანამ ნორმალური ცხოვრების გაგრძელება შეძლოს“, – განაცადა თინა ბოკუჩავამ.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე ინიციატივის განხილვას აღარ აპირებენ. კალაძემ ოპონენტებს მოუწოდა, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ.