თინა ბოკუჩავა - IRI-ს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია
თინა ბოკუჩავა - IRI-ს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია

სწორედ პოლარიზაციაზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორები და ამ პოლარიზაციის დასასრულებლად მოგვიწოდებენ, რომ მოხდეს შეთანხმება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, IRI-ს კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში საზოგადოება პოლარიზებულია.

„ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული. პრაქტიკულად ნახევარზეა გახლეჩილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავტოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ ამგვარ კვლევაში საკუთარ დამოკიდებულებას ყველა გულწრფელად ვერ გამოხატავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კვლევა მაინც აჩვენებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული. სწორედ ამ პოლარიზაციაზე საუბრობენ მათ შორის ჩვენი პარტნიორები და ამ პოლარიზაციის დასასრულებლად მოგვიწოდებენ, მათ შორის, რომ მოხდეს შეთანხმება, მაგრამ შეთანხმება მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ შედგება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს, რომ როგორც მინიმუმ უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები, რათა შემდგომ შევძლოთ სხვა საკითხებზე საუბარი, როგორიც არის ვადამდელი არჩევნების თარიღის დანიშვნა, სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარება იქნება ეს, თუ საარჩევნო ადმინისტრაციაში, რათა ნებისმიერი მომავალი არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.