თინა ბოკუჩავა - იმედი მაქვს, დღევანდელი რეჟიმი გაიაზრებს, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის, თუ უგულვებელყოფენ ომში მყოფ პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას
თინა ბოკუჩავა - იმედი მაქვს, დღევანდელი რეჟიმი გაიაზრებს, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის, თუ უგულვებელყოფენ ომში მყოფ პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას

იმედი მაქვს, დღევანდელი რეჟიმი გაიაზრებს, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება მათთვის და ქვეყნისთვის, თუ უგულვებელყოფენ ომში მყოფ პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ზელენსკიმ, რომელსაც მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს, რათა მან მიიღოს ზომები და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას.

„ვხედავთ, რომ საქართველოს პრორუსულმა რეჟიმმა, ივანიშვილის დავალებით, აირჩია ანტიუკრაინული და პრორუსული გზა. მათ შორის, პრეზიდენტ საკააშვილის ტყვეობასთან მიმართებით, რამაც, რა თქმა უნდა, მორიგ ჯერზე გამოიწვია ძალიან მწვავე განცხადებები პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან. წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ელჩი გაიწვია საქართველოდან. შემდეგ ვნახეთ არაერთი კრიტიკული გზავნილი, მათ შორის სანქცია ერთ-ერთი ქართული კომპანიის წინააღმდეგ. ახლა ვხედავთ, რომ სქართველოს ელჩი კიევში რეალურად დემარშით გამოუშვეს დედაქალაქში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება იკავებს ღიად ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ, შესაბამისად, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პოზიციებს. ამაში მოიაზრება, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის განგრძობადი პოლიტიკური უკანონო ტყვეობა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც იმყოფება ომში და, პრაქტიკულად, მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს, 48 საათი, რათა მან მიიღოს ზომები და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას, რადგან მას დაუყოვნებლივ სჭირდება ადეკვატური ჯანმრთელობის მომსახურების მიღება. იმედი მაქვს, დღევანდელი რეჟიმი გაიაზრებს, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება ამას მათთვის და ქვეყნისთვის, თუ უგულვებელყოფენ ომში მყოფ პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.