თინა ბოკუჩავა - გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს ოფისში შემოიტანეს სწორედ ის ნივთები, რომლითაც ახლა სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს ოფისში შემოიტანეს სწორედ ის ნივთები, რომლითაც ახლა სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ივანიშვილი მშვიდობას გვპირდებოდა და ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, ევროპას გვპირდებოდა და რუსეთში გავიღვიძეთ. დღეს ადგილი აქვს ტოტალურ რეპრესიებს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტების და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, როდესაც ადამიანებს აკავებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ თავდაცვის საშუალებები, როგორიც არის ნიღბები, რომ თავი დაიცვან მხუთავი აირისგან, ძალადობისგან, რასაც ვხედავთ, მეშვიდე დღეა, თბილისის ქუჩებში.
დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში რუსული „ომონი“ შეიჭრა სასამართლო განჩინების გარეშე, რაც არის სრული უკანონობა, არაერთხელ მოვითხოვეთ განჩინების წარდგენა, რაც არ გააკეთეს სპეცოპერაციის დამთავრების დროსაც კი. ისინი შევარდნენ ჩვენს ოფისში და იქ მყოფ ხუთ ახალგაზრდას ჩამოართვეს ტელეფონები, არ შეუშვეს იურისტები და არც შემიშვეს არც მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე და უფლებამოსილი პირი.
ჩხრეკის დროს არცერთი მოწმე არ იმყოფებოდა ოფისში და ჩვენი ხუთი ახალგაზრდის დაჭერის შემდეგ სამართალდამრღვევები, „ომონის“ კრიმინალური დაჯგუფება იმყოფებოდა სრულიად მარტო. მათ აქედან გაიტანეს საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ისევე როგორც ფიზიოლოგიური ხსნარი და სხვა სამედიცინო საშუალებები, რომლებსაც ჩვენ მიერ ორგანიზებულ მედპუნქტში ვიყენებდით ადამიანების დასახმარებლად, მაგრამ რა შემოიტანეს, ეს არ ვიცით და ეჭვი გვაქვს, რომ შემოიტანეს სწორედ ის ნივთები, რომლითაც ახლა სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ. ეს არის ფალსიფიცირებული კადრები, რომელსაც თქვენ გაჩვენებენ, რომლის ავთენტურობას არავინ დავიჯერებთ და რომელიც არის სწორედ ის მეთოდი, რასაც იყენებს პუტინი და მისი მსგავსი ავტოკრატები ავტოკრატიულ სახელმწიფოებში. ასე გამოიყურება გარუსებული საქართველო, მაგრამ ჩვენ საქართველოს ივანიშვილს არ დავუთმობთ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.