თინა ბოკუჩავა - გიორგი ვაშაძემ შეთანხმება დაარღვია იმით, რომ საბურთალოს ოლქში კანდიდატი დააყენა, შემდეგ გავიდა იმ პოლიტიკური ერთობიდან, რომლის სახელითაც ისნის ოლქში უნდა ეასპარეზა
თინა ბოკუჩავა - გიორგი ვაშაძემ შეთანხმება დაარღვია იმით, რომ საბურთალოს ოლქში კანდიდატი დააყენა, შემდეგ გავიდა იმ პოლიტიკური ერთობიდან, რომლის სახელითაც ისნის ოლქში უნდა ეასპარეზა

გიორგი ვაშაძემ შეთანხმება დაარღვია იმით, რომ საბურთალოს ოლქში კანდიდატი დააყენა, შემდეგ გავიდა იმ პოლიტიკური ერთობიდან, რომლის სახელითაც ისნის ოლქში უნდა ეასპარეზა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანების მიერ მიღწეულ შეთანხმებაში დისონანსი თავად გიორგი ვაშაძემ შეიტანა.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიგვეღო და, საბოლოო ჯამში, სამდივნომ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ ისნის სამაჟორიტარო ოლქში დაგვეყენებინა კანდიდატი. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ეს საკითხი ჩვენთვის დახურულია. დავაყენეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი, რომელიც წარმატებას ასხივებს და რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან ღირსეულად იბრძოლებს ისნის სამაჟორიტარო ოლქში. ახლა უკვე, რადგან ეს საკითხი დახურულია, უნდა გადავიდეთ საარჩევნო კამპანიაზე და ვკონცენტრირდეთ ივანიშვილის დამარცხებაზე. ოპოზიცოურად განწყობილი ამომრჩევლის დაკვეთა არის სწორედ ეს.

ის შეთანხმება, რომელიც შედგა, მათ შორის აქ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, სამწუხაროდ, ვაშაძემ დაარღვია იმით, რომ საბურთალოს ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენა, შემდეგ გავიდა იმ პოლიტიკური ერთობიდან, რომლის სახელითაც ისნის ოლქში უნდა ეასპარეზა და, სამწუხაროდ, თავად შეიტანა დისონანსი იმ ერთობაში, რაც არსებობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა უნდა ვეძებოთ გადაკვეთის წერტილები და მეორე ტურებში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთმანეთის კანდიდატებს უნდა დაუჭიროს მხარი, კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ივანიშვილის დამარცხებაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.