თინა ბოკუჩავა - გიორგი გახარიასგან ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიღეთ პასუხი
თინა ბოკუჩავა - გიორგი გახარიასგან ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიღეთ პასუხი

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიღეთ პასუხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

მისი შეფასებით, შს მინისტრმა პოლიტიკური სპექტაკლი დადგა.

„მან მოგვიწოდა, რომ პოლიტიკური ცეკვები არ დადგათო და მართლაც პოლიტიკური სპექტაკლი დადგა მინისტრმა გახარიამ. მთელ რიგ დანაშაულზე – მუხთარლის საქმეზე, მაჩალიკაშვილზე, არჩევნების გაყალბებაზე გვითხრა, მიმართეთ პროკურატურასო, ანუ კრიმინალ ფარცხალაძესთან უნდა გავარკვიოთ თურმე, რატომ გაიტაცეს მუხთარლი, რატომ მოხდა დანაშაული მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ან რატომ გააყალბეს არჩევნები“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, სარალიძის საქმესთან მიმართებაში გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისია დაადანაშაულა.

„რაც შეეხება სარალიძის საქმეს, ეს იყო ყველაზე დიდი უტიფრობა და სირცხვილი, რომელიც დღეს მოვისმინეთ მინისტრისგან. მან საპარალამენტო კომისია დაადანაშაულა იმაში, რომ სწორედ მათი საქმიანობის გამო დღემდე ზაზა სარალიძემ და საზოგადოებამ არ იცის, უფრო სწორად ძალიან კარგად იცის, ვინც არის მისი შვილის მკვლელი, მაგრამ ეს ადამიანი დღემდე არ არის დასჯილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი გახარია დღეს პარლამენტში იმყოფება. მინისტრმა დეპუტატებს თავისი უწყების ანგარიში გააცნო, შემდეგ კი, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.