თინა ბოკუჩავა - გამარჯვების ფორმულას ვხედავთ გამსხვილებაში, გაერთიანებასა და ფრაგმენტაციის მინიმიზაციაში
თინა ბოკუჩავა - გამარჯვების ფორმულას ვხედავთ გამსხვილებაში, გაერთიანებასა და ფრაგმენტაციის მინიმიზაციაში

გამარჯვების ფორმულას ვხედავთ გამსხვილებაში, გაერთიანებასა და ფრაგმენტაციის მინიმიზაციაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, თინა ბოკუჩავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მე შემიძლია, გითხრათ, ჩვენს კალკულაციაში რა შედიოდა. გამარჯვების ფორმულას ვხედავთ გამსხვილებაში, გაერთიანებაში, ფრაგმენტაციის მინიმიზაციაში. ეს იყო, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება და სულისკვეთება. ის თვლის, რომ გაერთიანება აბსოლუტურად იქნება გამარჯვების გარანტი და ეს აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენს ხედვებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამ განცხადებით თინა ბოკუჩავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ შეირჩა პოლიტიკურ პარტნიორად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოველგვარ თანამშრომლობას გამორიცხავდა.

შეკითხვაზე, მოხდება თუ არა გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელება, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიაში ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რომელ პოლიტიკურ ძალებს მოიაზრებს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ რიგებში და რით ხსნის პარტიების პასიურობას, რადგან ფაქტია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, ერთობაში გაწევრიანებაზე გამოხმაურება ამ დრომდე არ ჩანს. მაგალითად, „ლელომ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა წითელ ხაზად გამოაცხადა, რის მთავარ ფაქტორადაც პარტიის ახალი მენეჯმენტი სახელდება, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და გიორგი ვაშაძის პერსონალური კაპიტალიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეფორმატორის, ინოვატორისა და იდეების გენერატორის.

„ვერ გეტყვით, რომ როდესმე მქონდა მოლოდინი, „ლელო“, როგორც პოლიტიკური პარტია, შეწყვეტდა არსებობას ან საკუთარ პოლიტიკურ იდენტობას გადადებდა გვერდით და 5 ნომრის ქვეშ გაერთიანდებოდა იმ მოცემულობაში, როდესაც წინასაარჩევნო კოალიციები არ არსებობს და, შესაბამისად, გარკვეულ დონეზე, ფორმალიზებულად თუ არა, იდეურად და იდენტობის თვალსაზრისით, გარკვეულწილად, შერწყმაა ახლა წინასაარჩევნოდ გაერთიანება, ყოველ შემთხვევაში, საარჩევნო მიზნებისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, როდესაც საუბარია გამსხვილებასა და ერთიან ფრონტზე, ეს ნამდვილად არ გულისხმობს მაინცდამაინც ფორმალიზებულ გაერთიანებას ერთი ნომრის ქვეშ.

„უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას იდეოლოგიური საერთო ფრონტი და დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ აუცილებლად იქნება ერთი საერთო პროდასავლური იდეოლოგიური ფრონტი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეკითხვაზე, მოახდინა თუ არა გავლენა პარტიაში მიმდინარე მუდმივად მზარდმა დაპირისპირებამ და განხეთქილების მთავარმა მიზეზმა, ახალმა მენეჯმენტმა გავლენა იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნოდ პარტნიორობის სურვილი პარტიების დიდ ნაწილს აღარ აქვს, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ეს არ არის საკითხი, რომელიც, მათ შორის, პარტიის ამომრჩევლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმძიმესი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეკითხვაზე, რა ეტაპზეა კონსულტაციები გიორგი მარგველაშვილთან და შესაძლებელია თუ არა, მალე ყოფილი პრეზიდენტიც ვიხილოთ „გამარჯვების პლატფორმის“ რიგებში, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „გამარჯვების პლატფორმაში“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მასთან ფორმალური კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა პარტიას მარგველაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, აქვს და მომავალშიც აუცილებლად ექნება, მიუხედავად იმისა, ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, საერთოდ ჩაერთოს თუ არ ჩაერთოს ელექტორალურ პროცესებში.

ამასთან, ბოკუჩავამ თქვა, რომ ქვეყნის გამარჯვება და, შესაბამისად, ევროპული არჩევანის რეალიზაცია „გამარჯვების პლატფორმაზე“ გადის.