თინა ბოკუჩავა - დმანისში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ არა მხოლოდ უშუალოდ თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირებსაც
თინა ბოკუჩავა - დმანისში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ არა მხოლოდ უშუალოდ თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირებსაც

დმანისში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ არა მხოლოდ უშუალოდ თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირებსაც, რადგან ისინი ახალისებენ ამგვარ ძალადობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც ორი პირი დაიჭრა.

მისი თქმით, არსებობს უამრავი მოწმე და მოძალადეების დაკავება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

„დღეს დმანისში მოხდა უმძიმესი ფაქტი. სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს 20-30-მდე აგრესიული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს მხარდამჭერებს. ამ ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წევრები. კერძოდ, ჯგუფს ხელმძღვანელობდა წარსულშიც ძალადობრივ პოლიტიკურ აქტებში მონაწილე პირი ზურაბ ოკმელაშვილი. ზურაბ ოკმელაშვილის შვილი მაკა ოკმელაშვილი არის დმანისში „ქართული ოცნების“ სიის მესამე ნომერი. ამასთანავე, ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილმა, დავით დაუთაშვილმა ცივი იარაღის გამოყენებით მძიმე ჭრილობა მიაყენა ჩვენს ორ მხარდამჭერს. არსებობს კადრები აღნიშნულის, არსებობს უამრავი მოწმე და ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული მოძალადეების დაკავება. აღნიშნულზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვაკისრებთ არა მხოლოდ უშუალოდ ამ თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ ასევე ვაკისრებთ „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირებს, რადგან ისინი საკუთარი რიტორიკით, საკუთარი განცხადებებით, საკუთარი კამპანიით, მათ შორის ძალადობრივი პლაკატებით და საკუთარი მოქმედებით, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმით, ახალისებენ ამგვარ ძალადობას. შესაბამისად, ისინიც პასუხისმგებელნი არიან ამ მძიმე დანაშაულზე, რომელიც დღეს მოხდა დმანისში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი უნდა მოიხსნას არჩევნებიდან.

„მოვისმინეთ განცხადებები მიხეილ დაუთაშვილის მხრიდან, რომელიც უარყოფს მისი შვილის იქ ყოფნას, მაგრამ ეს კადრებშია ასახული. თავად მიხეილ დაუთაშვილი წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის ტარების უფლებაც დარწმუნებული ვართ არ აქვს კანონიერად. უნდა მოიხსნას აღნიშნული კანდიდატი, ასევე სიიდან უნდა მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა პირი და ჩვენ მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა მოახდინონ დროული და უმკაცრესი რეაგირება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში ამგვარი ძალადობრივი ქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ძალადობის გარდა არაფერს სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს ორი ოქტომბრის რეფერენდუმით. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები ღირსეულ პასუხს გასცემენ ამ ძალადობას, ამ სიძულვილს, ამ კრიმინალს და 90-იანებში დაბრუნების მცდელობას „ქართული ოცნების“ მხრიდან და ისინი აირჩევენ ღირსეულ, ევროპულ, დემოკრატიულ მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.