თინა ბოკუჩავა - დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საზოგადოების ზურგს უკან, მარტო და პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან
თინა ბოკუჩავა - დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საზოგადოების ზურგს უკან, მარტო და პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან

ჩვენი აზრით, უკიდურესად სახიფათოა ორმხრივი შეხვედრები, რომელიც საზოგადოების ზურგს უკან იმართება და, სადაც არ არიან წარმოდგენილი როგორც მხარეები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როგორც ხდება ჟენევის ფორმატში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით.

ამასთან, ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ ასევე შესაძლებელია, მსგავსი ტიპის ორმხრივმა შეხვედრებმა ნელ-ნელა დაასუსტოს ჟენევის ფორმატი და შემდეგ ჩაანაცვლოს, რაც მისი შეფასებით, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება და შეუძლებელს გახდის დეოკუპაციის საკითხის აქტუალიზებას.

„სწორედ ამიტომ დავიბარეთ მინისტრი ზალკალიანი პარლამენტში, მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, თუ რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე, ასევე რატომ არ ხდება იგივე საკითხების განხილვა ჟენევის ფორმატში, სადაც წარმოდგენილი არიან ამერიკელები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვისი თანდასწრებითაც რუსეთს გაუჭირდება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რაოდენ პრორუსული არ უნდა იყოს და რაოდენ მოსკოვის კაცად არ უნდა აფასებდეს მას ესა თუ ის ევროპული გამოცემა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დათმობა იქნება ბევრად რთული იქ, სადაც არის მრავალმხრივი ფორმატი და, სადაც არამხოლოდ როგორც ორგანიზატორები, არამედ როგორც მხარეები არიან წარმოდგენილი საერთაშორისო პარტნიორები“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რუსეთი ყოველთვის ეცდება, მოლაპარაკებებში რაც შეიძლება მეტი დაათმობინოს ქართულ მხარეს.

„არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი არ მოიწონებს იმას, რომ მოხდეს დროთა განმავლობაში ჟენევის ფორმატის ჩანაცვლება, რადგან ძალიან კარგად ესმით, რომ პირისპირ დარჩენილი საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ყოველთვის იქნება დათმობის რეჟიმში, რუსეთი ყოველთვის ეცდება, მოლაპარაკებებში რაც შეიძლება მეტი დაათმობინოს ქართულ მხარეს, რაც არ უნდა მისთვის მოსაწონი ხელისუფლება იყოს ახლა დროებით საქართველოში და რაც არ უნდა მიესალმებოდეს გავრილოვით დაწყებული სხვა თანამდებობის პირებით დამთავრებული გახარიას გაპრემიერებას“, – განაცხადა დეპუტატმა.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ აქედან გამომდინარე, რუსეთთან პირისპირ დარჩენა სახიფათოა.

„პირისპირ რუსეთთან დარჩენა არის სახიფათო. ეს არის ცალსახა და გამორიცხულია, ჩვენი ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორი ამას მიესალმოს. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთთან. არასდროს არ შეიძლება, ვიყოთ მომხრე იმისა, რომ შეჩერდეს მოლაპარაკებები, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საზოგადოების ზურგს უკან, მარტო და პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან რომლიც ყოველთვის ეცდება, ფეხქვეშ გათელოს ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი